Accentnews.ge
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი: "Nord Stream 2" რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების პაკეტში უნდა იყოს"

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი: "Nord Stream 2" რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების პაკეტში უნდა იყოს"

07/02/2022 10:56:00 ევროპა

ევროპარლამენტში თვლიან, რომ გაზსადენი "ჩდილოეთ ნაკადი-2" აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მორიგ პაკეტში, რათა მოსკოვს მშვიდობის, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვა აიძულონ. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, "ავსტრიის სახალხო პარტიის" წევრმა ოტმარ კარასმა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის - ORF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ევროპული პარლამენტი, რომელსაც წარმოვადგენ ახლადარჩეული ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით, ყოველთვის უჭერდა მხარს "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის სასანქციო პაკეტში შეტანას. ევროკავშირის განკარგულებაშია მთელი ნუსხა ინსტრუმენტებისა, საერთაშორისო საგადახდო სისტემა SWIFT-ის, საფინანსო სექტორის, სავიზო აკრძალვების, რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების მიმართ რიგი შეზღუდვების ჩათვლით. რუსეთის საწინააღმდეგო მორიგი სანქციების საკითხი დღის წესრიგში კრემლის ქცევის გამო დგას: იგი უხეშად არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს, პატივს არ სცემს სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუძემდებლურ პრინციპებს. რუსეთის მხრიდან მილიტარიზაცია და მუქარები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სამართალს", - განმარტა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, "ევროკავშირი ყოველთვის მომხრეა დიალოგის, მაგრამ ასევე მტკიცედ დაიცავს ევროპის ინტერესებსა და შეთანხმებების აღსრულებას, რუსეთის პოლიტიკა კი მიმართულია როგორც უკრაინის, ისე რიგი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ და გაერთიანებული ევროპის დასუსტებას ისახავს მიზნად".

"ჩრდილოეთ ნაკადი-2" რუსული გაზსადენია, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან გერმანიის მიმართულებით ბალტიის ზღვის ფსკერზე, უკრაინის გვერდის ავლით აშენდა. პროექტის ერთადერთი აქციონერი რუსული "გაზპრომია".

გასული წლის ივლისში გერმანიამ და აშშ-მა მიაღწიეს შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ამერიკა ხელს არ შეუშლიდა მილსადენის ბოლომდე მიყვანას, გერმანია კი სანაცვლოდ ვალდებულებას იღებდა, უკრაინას ენერგოტრანსფორმაციაში დაჰხმარებოდა და ქვეყნის მიმართ რუსული აგრესიის შემთხვევაში სანქციები დაეწესებინა.

აგვისტოში სამშენებლო ოპერატორმა "Nord Stream 2"-მა წააგო გერმანულ სასამართლოში დავა ევროკავშირის გაზის დირექტივებისგან გაზსადენის გათავისუფლების თაობაზე.

ნოემბერში გერმანიის ფედერალურმა რეგულატორმა "ჩრდილოეთ ნაკადი'2"-ის, როგორც გაზის ტრანსპორტირების დამოუკიდებელი ოპერატორის სერტიფიცირება გადაავადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S