
რა თქვეს პუტინმა და მაკრონმა 6–საათიანი შეხვედრის შემდეგ
08/02/2022 06:17:45 მსოფლიო
მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა. თითქმის 6-საათიანი მოლაპარაკების მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო.
რა თქვა მაკრონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მან რუს კოლეგას „უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების" თაობაზე წინადადებები შესთავაზა. მაკრონს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ "წინადადებები მოიცავს ახალი სტრატეგიული დიალოგის დაწყებას და ძალისხმევას დონბასში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის მიზნით".
"ამ შეხვედრას შეუძლია, პროცესები დეესკალაციის მიმართულებით წაიყვანოს. ვიმედოვნებ, რომ ავიცილებთ ომს და ყველასთვის გაჩნდება ნდობისა და სტაბილურობის ელემენტები. პრეზიდენტმა პუტინმა დამარწმუნა მის სურვილში, შენარჩუნებული იყოს უკრაინის სტაბილურობა და ტერიტორიული მთლიანობა", – განაცხადა მაკრონმა.
მან აღნიშნა, რომ „ევროპელებისთვის უსაფრთხოება არ იქნება, თუ არ იქნება უსაფრთხოება რუსეთისთვის“.
როგორც მან განაცხადა, "აღმოაჩინა პუტინთან დაახლოების ელემენტები, თუმცა განსხვავებები რჩება".
მაკრონის თქმით, პუტინს უთხრა, რომ "ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა არ შეიძლება სახელმწიფოების ნატო–ში გაწევრიანების უფლების გაუქმებით".
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, პატივი უნდა სცენ საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას: მისი თქმით, ესეც კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილია:
"არ ვფიქრობ, რომ ახალი პირობების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს შეთანხმებების, ან ჩვენი ფუნდამენტური პრინციპების ნაწილობრივი გადახედვით, ან ევროპული სახელმწიფოების უფლებების დარღვევით. ჩვენ უნდა ავაშენოთ უსაფრთხოება იმ სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან ნატოს წევრები, მაგრამ მდებარეობენ რეგიონში. ბელარუსი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა - ქვეყნები, რომელთა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ესეც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილია".
საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხის განხილვას გააგრძელებს უკრაინასთან, აშშ-სთან და ევროპელ და ნატოელ მოკავშირეებთან.
"მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება და ერთობლივი, ინტენსიური დისკუსია დასჭირდება", – დასძინა მან.
რა თქვა პუტინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და პარიზს საერთო შეშფოთება აქვთ ევროპაში უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით და რომ საფრანგეთი წლების განმავლობაში მუშაობდა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით.
პუტინმა თქვა, რომ მაკრონთან მოლაპარაკებები იყო "სასარგებლო, შინაარსიანი და საქმიანი" და დასძინა, რომ ფრანგი კოლეგის ზოგიერთი იდეა „რეალისტურია“ და შეიძლება, შექმნას საფუძველი შემდგომი ერთობლივი ნაბიჯებისთვის.
რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ვითარება მშვიდობიანი გზით მოგვარდება და რომ "მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს დასავლეთთან კომპრომისების მოსაძებნად“.
პუტინის თქმით, მინსკის შეთანხმებებს ალტერნატივა არ აქვს და მოუწოდა უკრაინას, პატივი სცეს შეთანხმებებს.
ამასთან, მან ევროპა გააფრთხილა:
"თუ უკრაინა შეუერთდება ნატო–ს რიგებს და შეეცდება ყირიმის დაბრუნებას, ევროპული ქვეყნები რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში აღმოჩნდებიან. ასეთ კონფლიქტში გამარჯვებული არავინ იქნება".
პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო–ს გაფართოებას.
მან აღნიშნა, რომ ნატო–მ რუსეთი "მტრად" დაასახელა.
კრემლის ლიდერმა ირონიულად მოიხსენია იდეა, რომ ნატო არის მხოლოდ თავდაცვითი ალიანსი და აღნიშნა, რომ "აშშ და მისი მოკავშირეები სამხედრო კამპანიებს აწარმოებენ ერაყში, ლიბიაში, ავღანეთსა და ყოფილ იუგოსლავიაში".
უკრაინის საზღვრების სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრის გამო კრიტიკის საპასუხოდ პუტინმა შემდეგი განაცხადა:
„ნატო–ს წევრებს მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ, ლექციები წაგვიკითხონ ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ჯარების გადაადგილების შესახებ და ეს გადაადგილება უკრაინაში რუსეთის შემოჭრის საფრთხედ წარმოაჩინონ“.
მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ნატო–ს ქვეყნები რუსეთთან ახლოს "სამხედრო ინფრასტრუქტურის გადაადგილებასა" და უკრაინის სამხედროების აღჭურვილობითა და წვრთნებით უწრუნველყოფაში.
კითხვაზე მალიში "ვაგნერის" ჯგუფის ყოფნის თაობაზე ცნობების შესახებ, პუტინმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას არაფერი აქვს საერთო მალიში რუსეთის უსაფრთხოების კონტრაქტორების მუშაობასთან.
მან დასძინა, რომ მალის აქვს უფლება იმუშაოს კერძო რუსულ ფირმებთან, თუ აამის სურვილი ექნება.
ცნობისთვის: დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.
უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.