
აფხაზეთი: ლუკაშენკოს მიერ «Соловьев Live»-ისეული “შესაძლო აღიარების” ფასი
08/02/2022 15:05:01 კონფლიქტები
მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ბელარუსის პარლამენტში სოხუმისა და ცხინვალის აღიარების საკითხის განხილვის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ფეიქი იყო, გავიდა სამი თვე – და თემა კვლავ აქტუალური გახდა. ამჯერად მიზეზად იქცა ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადება, რომელიც რიგმა რუსულმა მედიასაშუალებებმა 7 თებერვალს გაავრცელეს. პირველწყაროს წარმოადგენდა ვლადიმირ სოლოვიოვის YuTube-არხი «Соловьев Live», რომელსაც ლუკაშენკომ ინტერვიუ მისცა, მაგრამ ბელარუსი ლიდერის ზოგიერთი განცხადება, როგორც შემდგომში გაირკვა, საზოგადოებას დამახინჯებული სახით წარუდგინეს.
კერძოდ, «Соловьеву Live»-ის თანახმად, სოხუმისა და ცხინვალის შესაძლო აღიარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ლუკაშენკომ განაცხადა, «როგორც კი ჩავთვლი და პრეზიდენტი [რუსეთის – რედ.] მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობსო». ამასთან, კრემლის პროპაგანდისტულმა YuTube-არხმა “გადამალა” ბელარუსი ლიდერის შემდგომი სიტყვები, რომელიც მოგვიანებით მკითხველს ТАСС-მა გააცნო: «არის კი ამის სასიცოცხლო აუცილებლობა?». და თუ ერთი ფრაზის ორივე ნაწილს გავაერთიანებთ, გამოდის, ლუკაშენკოს ახალი არაფერი უთქვამს.
თუ პუტინის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის შემდგომი კომენტარით ვიმსჯელებთ, სწორედ ასე აღიქვეს ბელარუსი ლიდერის სიტყვები კრემლშიც. «არსებობს სიტუაცია დე-იურე და დე-ფაქტო. არსებობენ რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული სახელმწიფოები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ჩვენ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს. ესაა რეალობა, რომელიც კარგადაა ცნობილი ალექსანდრე გრიგორის ძისთვის [ლუკაშენკოსთვის – რედ.]. როგორც ჩანს, ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, როცა ამას მიზანშეწონილად ჩათვლის», — განმარტა პესკოვმა.
ლუკაშენკოს განცხადებებს გამოეხმაურნენ თბილისშიც. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, “ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას” და “ბელარუსი ამ მხრივ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების ერთგული რჩება”. ამასთან, საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აღნიშნეს, რომ ალესანდრე ლუკაშენკოს ცალკეული განცხადებები რუსულმა მედიამ, უკვე ტრადიციულად, ამჯერადაც ინტერპრეტირებულად, მიზანმიმართული აქცენტებით გაავრცელა”.
მიუხედავად ამისა, სოხუმმა იჩქარა, მინსკის მიერ აღიარების “შესაძლებლობას” მისალმებოდა. ამასთან, გასული წლის ბოლოდან კრემლის მიერ ხელდასმული ინალ არძინბას თაოსნობით მოქმედი “საგარეო საქმეთა სამინისტროს” განცხადებაში რუსეთი და პუტინის ინიციატივით ჩამოყალიბებული სხვადასხვა კავშირები (მათ შორის – რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფო, რომელში ინტეგრაციის კურსიც აფხაზურ ხელმძღვანელობას ბოლო დროს უკვე ღიად აქვს გამოცხადებული) თავად აფხაზეთზე ლამის უფრო ხშირადაა მოხსენიებული. “პოზიტიურად ვაფასებთ ბელარუსი ლიდერის განცხადებას აფხაზური სახელმწიფოს სუვერენიტეტის შესაძლო აღიარების შესახებ. მსგავსი ნაბიჯი დაადასტურებდა ალექსანდრე ლუკაშენკოს კურსს რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. აფხაზეთი ღიაა სრულფორმატიანი დიალოგისთვის რუსეთის მიმართ მეგობრულ სახელმწიფოებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენი ხალხის სამართლიან წადილებს. ავითარებს რა რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებს, აფხაზეთი დაინტერესებული იქნებოდა ოფიციალური კონტაქტების ჩამოყალიბებით ბელარუსთან, რომელიც რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა, რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს წევრი, დსთ-ისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სრულუფლებიანი და აქტიური მონაწილე. ვიმედოვნებთ, ბელარუსის რესპუბლიკა, იზიარებს რა საბაზისო საერთაშორისო-სამართლებრივ პრინციპებს, მათ შორის - ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის უფლებას, მხარს დაუჭერს აფხაზი ხალხის მიერ არჩეულ კურსს თავისუფალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე და მიბაძავს თავის სტრატეგიულ პარტნიორს – რუსეთის ფედერაციას” – ნათქვამია აფხაზური დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.
ბევრისთვის აფხაზეთში დღემდე გამოცანად რჩება, როგორ ეთავსება “საკავშირო სახელმწიფოს” წევრობა “თავისუფალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს” ფორმირების კურსს, რომელიც, როგორც თავის განცხადებაში ინალ არძინბას დე ფაქტო უწყებაც კი აღიარებს, აფხაზმა ხალხმა აირჩია და მეტიც - მის გამო სისხლიც დაღვარა.
ეს ”უმნიშვნელო” ასპექტი არცთუ გასაგებია ბევრისთვის ცხინვალშიც. მაგრამ “პრეზიდენტმა” ანატოლი ბიბილოვმა ამ დღეებში ჩვეული სიმარტივით “ლოგიკური” ახსნა წარმოადგინა, განაცხადა რა ტელეარხ «Россия-24»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომ “ოსი ხალხის გაერთიანება დამოუკიდებლობაზე მნიშვნელოვანია”. “ბევრი ამბობს, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი უნდა იყოსო. მაგრამ დამოუკიდებლობაზე მეტად მნიშვნელოვანი ოსი ხალხის გაერთიანებაა. რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ჩვენი ხალხის სურვილია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან. სამხრეთ ოსეთს რუსეთის იმპერია დამოუკიდებლად არ დაუტოვებია, გასული საუკუნის 90-ია წლებშიც რეფერენდუმზე მოსახლეობის 99,9%-მა სსრკ-ის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი, შედგომში კი იმდენივემ მისცა ხმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას», – განაცხადა ბიბილოვმა და დასძინა, რომ “ამჟამად სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციასთან საინტეგრაციო პროცესების განვითარებას ცდილობს, მათ შორის - კარტოგრაფიისა და საბაჟო სფეროებში შეთანხმებების გაფორმებით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების გაზრდითა და ბევრი სხვა რამით”.
უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური პროცესები აქტიურად ხორციელდება ბოლო დროს აფხაზეთშიც – “კანონმდებლობების ჰარმონიზაციის შესახებ” მოსკოვის დირექტივების 45-პუნქტიანი სიის რეალიზების გზით. და ეს – იმ ფონზე, რომ აფხაზური საზოგადოება ამ დირექტივების მთელ რიგ პუნქტებს მთელი ძალით ეწინააღმდეგება, სულაც არ სურს რა შესვლა არც “რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს”, არც რუსეთის შემადგენლობაში და მსგავსი სურვილი არც ადრე დაუფიქსირებია. ამ გარემოებისა და იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზი ხალხის შემთხვევაში ბიბილოვისეული არაკი “ხალხის გაერთიანების” შესახებ არ გაჭრის, საინტერესო იქნებოდა აფხაზური “საგარეო უწყების” კრემლის მიერ ხელდასმული ახალი ხელმძღვანელისგან იმის განმარტების მოსმენა, როგორ შეიძლება, დარჩე “თავისუფალი და დამოუკიდებელი”, თუ სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შეხვალ და რით განსხვავდება “სუვერენიტეტის რუსეთისთვის განაწილება” მისი დაკარგვისგან.
ურიგო არ იქნებოდა ასევე ინალ არძინბას არგუმენტების გაცნობა იმის სასარგებლოდ, რომ აფხაზმა ხალხმა თავისი მომავალი იმ რეჟიმების მიერ ჩამოყალიბებულ “საკავშირო სახელმწიფოებს” დაუკავშიროს, რომელთა ლეგიტიმურობასაც საყოველთაოდ ცნობილი ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ცივილიზებული სამყარო არ სცნობს. მით უფრო, რომ სოხუმს უკვე გააჩნია “აღიარებულობისა” და თანამშრომლობის გამოცდილება მაგალითად, სირიის ლიდერ ბაშარ ალ ასადთან და იცის, რა “სარგებელი” მოუტანა ამან აფხაზეთს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ნებისმიერი სხვა კუთხით.
თუ კრემლის სადეზინფორმაციო პროპაგანდის წყალობით ვინმეს აფხაზეთში მაინც სჯერა, რომ “საკავშირო სახელმწიფოში” შესვლით აფხაზეთი საგარეო პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით რაიმე გარღვევის შანსს მოიპოვებს, სულ ტყუილად. რუსეთმა – ამ კავშირის უკვე მოქმედმა წევრმა, რომელმაც ყირიმის ანექსია ჯერ კიდევ 2014 წელს განახორციელა, დღემდე ვერ მიაღწია მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობისგან ნახევარკუნძულის რუსულად აღიარებას, სამაგიეროდ ანექსიის გამო უამრავ სანქციას დაექვემდებარა და ახლების მოლოდინშია. ანალოგიური პოზიცია აქვს მთელს ცივილიზებულ სამყაროს აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთთან” მიმართებაშიც და პუტინის ინიციატივით შექმნილ მორიგ “საკავშირო სახელმწიფოში” გაერთიანება სოხუმისა და ცხინვალისთვის საერთაშორისო აღიარების კუთხით ზუსტად ასევე არაფერს შეცვლის.
მეტიც, “საკავშირო სახელმწიფოში” მათი მიღების მცდელობაც კი კიდევ უფრო მძიმე დარტყმას მიაყენებს თავად ამ კავშირს, რომლის ლეგიტიმურობის აღიარებას საერთაშორისო თანამეგორბობა ისედაც არ აპირებს. ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ღიად დაგმო მოსკოვსა და მინსკს შორის საინტეგრაციო პროცესები “საკავშირო სახელმწიფოს” შესაქმნელად. «ევროპარლამენტი ამას ბელარუსის სუვერენიტეტის დარღვევად მიიჩნევს, რადგან ბელარუს ხალხს ერთმევა უფლება, განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის მომავალი. და თუ რუსეთი ბელარუსის მიმართ თავის ამჟამინდელ პოლიტიკას გააგრძელებს, ევროკავშირს მოუწევს, მოსკოვის მიმართ დამატებითი შემაკავებელი ზომები მიიღოს», — ნათქვამია დოკუმენტში. ევროპარლამენტმა ევროკავშირის ინსტიტუტებისგან “ბელარუსის ცხოვრებაში კრემლის ჩარევის” ფაქტების შესახებ რეგულარული ანგარიშის წარდგენა ითხოვა. ევროპელი პოლიტიკოსების აზრით, ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება ზრდის იმის რისკს, რომ ლუკაშენკომ “განაგრძოს ბელარუსის სუვერენიტეტის დათმობა რუსეთის მხრიდან დამატებითი მხარდაჭერის სანაცვლოდ».
მაშ რას მისცემს აფხაზეთს მსგავსი კავშირის წევრობა? რისი დათმობა მოუწევს სოხუმს და რის სანაცვლოდ? ამაზე ჰმართებს დაფიქრება სოხუმს, თანაც სასწრაფოდ, სანამ გვიანი არ არის. თუ პუტინს შესაძლებლობა მიეცემა, “საკავშირო სახელმწიფოში” შეთრევით აფხაზეთი თავისი მორიგი იმპერიალისტური ხუშტურის ნაწილად აქციოს, მსოფლიოში გაჭრილი ფანჯრის ნაცვლად სოხუმი მიიღებს მხოლოდ სარკმელს ანტიდემოკრატიულ, ათასგვარ სანქციებს დაქვემდებარებულ, ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებულ სივრცეში, რომელიც არაფრით ჰგავს იმას, რაზეც აფხაზეთის ყველაფრით დაღლილი მოსახლეობა ოცნებობს.
ეკატერინე ცანავა