
რუსეთის სამხრეთში ჩრდილოეთკავკასიური სამხედრო ქვედანაყოფების მობილიზება ხორციელდება
08/02/2022 15:42:10 კავკასია
სოცქსელებსა და მესენჯერებში სამხედრო ქვედანაყოფების გადასროლის ახალი ფოტო- და ვიდეო-მტკიცებულებები ვრცელდება. საუბარია, მათ შორის, ქვედანაყოფებზე რუსეთის სამხრეთ რეგიონებიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ სამხედრო ოლქში გამოცხადებულ წვრთნებში ჩაერთვებიან.
ერთ-ერთ ვიდეოზე სავარაუდოდ, ბუინაკსკის ვაგზალზე მდგომი 100-ზე მეტი სამხედროა ასახული.
რამდენიმე დღით ადრე ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც როსგვარდიის ახმატ კადიროვის სახელობის 141-ე სპეციალური მოტომსროლელი რაზმის (ე.წ. "ჩრდილოეთის") სიმბოლიკის მქონე ჯავშანტრანსპორტიორებისა და ჯავშანმანქანების კოლონის გადაადგილებაა ასახული. "რადიო თავისუფლებამ" გეოლოცირება ჩაატარა და გაირკვა, რომ კოლონა გროზნოდან კრასნოდარისკენ მიემართება, ვიდეო კი ყაბარდო-ბალყარეთშია გადაღებული.
ანალიტიკურ ჯგუფ Conflict Intelligence Team-ის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ჩეჩნური როსგვარდია, რომელიც ფაქტობრივად პირდაპირ ექვემდებარება რამზან კადიროვს, რესპუბლიკის საზღვრებს უკიდურესად იშვიათად ტოვებს.
ოპერატიულ-სტრატეგიული წვრთნები როსგვარდიამ 3 თებერვალს გამოაცხადა.