
"უკრაინა მომთმენია, არ ვპასუხობთ პროვოკაციებს" – ზელენსკი პუტინის არაეთიკურ განცხადებას ეხმიანება
08/02/2022 16:11:17 ევროპა
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის ნათქვამს გამოეხმაურა. საუბარია პუტინის მიერ ზელენსკის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე: "მოგწონს, არ მოგწონს - მოითმინე, ჩემო ლამაზო".
ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ძალიან მომთმენია და თავი ღირსეულად უჭირავს:
"ამ გამოთქმაში არის რაღაცები, რაზეც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვერ იდავებ. უკრაინა ნამდვილად ლამაზია. რაც შეეხება სიტყვას "ჩემო" - მგონი, ეს ცოტათი გადაჭარბებულია. რაც შეეხება "მოთმენას" - ძალიან ვაფასებ, რომ უკრაინა ძალიან მომთმენია, იმიტომ ეს ბრძნულია და მნიშვნელოვანია არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია რუსებისთვისაც. იმიტომ, რომ ჩვენს მოთმენაზეა დამოკიდებული ესკალაცია, ესკალაცია მეორე მხრიდან. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვართ. ჩვენი მოთმენა აისახება იმაზე, რომ არ ვპასუხობთ პროვოკაციებს და თავი ძალიან ღირსეულად გვიჭირავს".
პუტინმა მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, 7 თებერვალს თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მინსკის პროტოკოლის არც ერთი პუნქტი არ მოსწონს და სწორედ ამ კონტექსტში გამოიყენა რუსული საშაირო გამონათქვამიც.
მინსკის პროტოკოლი 2014 წლის სექტემბერში გაფორმდა, 2015 წლის თებერვალში კი განახლდა უკრაინას, გერმანიას, საფრანგეთს, რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის.
პროტოკოლის მიხედვით კონფლიქტის მხარეებს შორის რუხი ზონა შეიქმნა და განისაზღვრა, იარაღის რა ტიპების განლაგებაა შესაძლებელი ამ ზონის მახლობლად. პროტოკოლი რუსეთმა მრავალჯერ დაარღვია.