Accentnews.ge
ბრძოლა “უპილოტო დემოკრატიასა” და “ტერორიზმთან”: რა საბაბით უჩვენებს რუსეთი აფხაზეთს ძალას

ბრძოლა “უპილოტო დემოკრატიასა” და “ტერორიზმთან”: რა საბაბით უჩვენებს რუსეთი აფხაზეთს ძალას

08/02/2022 17:43:08 კონფლიქტები

მას შემდეგ, რაც მოსკოვში საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ აფხაზი ხალხი არც იმდენად მიამიტია, რამდენადაც სურდათ, ხოლო ზოგიერთი სულგაყიდული აფხაზი პოლიტიკოსის დაპირებები, რომ აფხაზეთის შთანთქმა ზედმეტი ძალისხმევისა და ხმაურის გარეშე მოხერხდებოდა, მხოლოდ ტყუილი იყო, რომლის გამოყენებითაც ისინი რუსული ფულით ივსებდნენ ჯიბეებს, სოხუმის “სტრატეგიულმა მეგობარმა” პატარა ურჩ “მოკავშირეზე” წნეხი გააძლიერა და უკვე ძალის ღია დემონსტირებაზე გადავიდა.

ყველაფერი ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო. აფხაზური საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა მოსკოვიდან გამოგზავნილი დირექტივები სახელწოდებით “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა კანონმდებლობების ჰარმონიზების საშუალებით”, “პარლამენტმა” იგი თაროზე შემოდო, ხოლო “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებმა თბილისთან დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დაწყების იდეა გააჟღერეს, რომელიც მოკლე დროით “აფხაზეთის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაშიც” კი აისახა. მოსკოვმა სოხუმი მყისიერად დასაჯა – პანდემიის ფონზე ფაქტობრივი სამედიცინო ბლოკადით, ტურისტული სეზონის ჩაგდებით, ფსოუზე აფხაზური პროდუქციის გატანის კუთხით გაუთავებელი ხელოვნური პრობლემების შექმნით, ფინანსური დახმარების შემცირება/შეწყვეტითა და ბევრი სხვა რამით. ნებსით თუ უნებლიედ, მოსკოვის წისქვილზე დაასხა წყალი აფხაზურმა რევანშისტულმა ოპოზიციამაც, რომელმაც მმართველი გუნდი თბილისთან თანამშრომლობის იდეის გამო ლამის “ეროვნული ინტერესების ღალატში” დაადანაშაულა – და იდეას ბოლო მოეღო, მასთან ერთად კი – შანსსაც, შემცირებულიყო ტოტალური დამოკიდებულება მოსკოვზე, რომელიც იმ დროისთვის უკვე აღარ მალავდა თავის რეალურ – ანექსიურ გეგმებს.

თუმცა მოსკოვის თითოეულ მსგავს განცხადებას აფხაზური საზოგადოება კვლავინდებურად ხმამაღალი პროტესტით ხვდებოდა – და “სტრატეგიულმა მეგობარმა” გადაწყვიტა, გადამჭრელი ზოები მიეღო, დაუნიშნა რა გასული წლის ბოლოს აფხაზეთს მეთვალყურედ “კრემლის რუხ კარდინალად” ცნობილი ვლადისლავ სურკოვის შეგირდი ინალ არძინბა.

ეს უკანასკნელი ჯერ არც “პრეზიდენტია”, არც “პრემიერი”, არც “პარლამენტის სპიკერი”, ჯერ მხოლოდ “საგარეო საქმეთა მინისტრია”, მაგრამ პირველივე დღიდან ცდილობს, აჩვენოს, “ვინაა აფხაზეთში მთავარი”. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან არძინბას ამასწინანდელი შეხვედრის შემდეგ აფხაზეთში ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სურკოვის შეგირდი სულაც არაა “აფხაზი პოლიტიკოსების ახალი თაობის მოწინავე წარმომადგენელი”, როგორადაც მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში კრემლი წარმოაჩენდა და რომ არძინბას მმართველობა კრემლისეულად ხისტი იქნება: “ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ- დახვრეტა”. ალბათ, ყველას გვახსოვს ახლო წარსულში სოხუმში ორი ქალის დაკავება სოცქსელებში მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკულ პუბლიკაციებთან დაკავშირებით, მოგვიანებით – ლოზუნგით “აფხაზეთს არ გაგაყიდინებთ!” გამართული ოპოზიციური მიტინგის სოხუმისთვის უპრეცედენტოდ ხისტი (ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით) მეთოდებით დაშლა, რომელსაც კიდევ ერთი უჩვეულო მოვლენა - რიგ აქტივისტთა დაკავება-გასამართლებაც მოჰყვა. ამას დაემატა ხსენებული კრიზისის ფონზე აფხაზეთში მივლენილი რუსი დეპუტატის – ოლეგ კოლესნიკოვის განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს არა სახალხო პროტესტი, არამედ “სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა” იყო და მითითებები, რა ფორმით აქვს უფლება აფხაზ ხალხს, პროტესტი გამოხატოს: «მიტინგზე გასვლა შეიძლება, მაგრამ კანონის უმკაცრესი დაცვით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს რუსეთთან ურთიერთობებზე აისახებაო».

ზემოთ, ინალ არძინბაზე საუბრისას, სიტყვა “დახვრეტა”, რა თქმა უნდა, ფიგურალურად გამოვიყენე. თუმცა თუ სოხუმის ბოლო დღეების მოვლენებსა და რუსული პროპაგანდისტული მედიისა თუ სოცქსელებში “მოღვაწე” ტროლების თანმდევ მკაფიო გზავნილებს გავითვალისწინებთ იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოს აფხაზური საზოგადოება დაუმორჩილებლობის გაგრძელების შემთხვევაში, ვშიშობ, სიტყვა “დახვრეტა” არცთუ შორეულ მომავალში მისი პირდაპირი მნიშვნელობით არ დამძიმდეს.

მხედველობაში მაქვს ამ დღეებში სოხუმში, “აფხაზეთის საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს” ყოფილი შენობის გამოყენებით ჩატარებული “ანტიტერორისტული” წვრთნების გაშუქება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სწავლებაში აფხაზური “შსს”-ს, “უშიშროების სამსახურის”, “საგანგებო სიტუაციათა სამინისტროსა” და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ქვედანაყოფების 500-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. წვრთნების შედეგების შეფასებისას აფხაზური “უშიშროების სამსახურის” ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა განაცხადა: «პირველად აფხაზეთის ისტორიაში ტარდება მასშტაბური აფხაზურ-რუსული ერთობლივი ანტიტერორისტული სწავლება. ღონისძიება უპირველესად, გარე საფრთხეების და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ტერორისტული ხასიათის შიდა გამოვლინებების პრევენციას ისახავს მიზნად. სცენარი მოიცავს სამთავრობო შენობისა და მასში მყოფი მძევლების ტერორისტებისგან გათავისუფლებას ავიაციისა და ჯავშანტექნიკის გამოყენებით». კიუტის თქმით, რუს კოლეგებთან მსგავსი ერთობლივი ღონისძიებები სამომავლოდაც გაგრძელდება, მათ შორის – “თავდაცვის სამინისტროს” ძალების ჩაბმით.

ინალ არძინბასთან აფილირებული Telegram-არხები ამ მოვლენას შესაშური ენთუზიაზმით აშუქებდნენ, თანაც “მინისტრის” რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობასა და გენერალიტეტთან სიახლოვეზე აქცენტირებით. ამასთან, ისინი აფხაზურ ოპოზიციას პროტესტის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებდნენ, ხოლო მოსახლეობას – იმის თაობაზე, რომ მოსკოვი ნამდვილად არ აპირებს, გავლენის მონოპოლისტის როლს შეელიოს:

“აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გავლენიანი გენერლების ჯგუფი ჩამოვიდა. ყველა მათგანი ამიერკავკასიის მიმართულებას კურირებს და რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირია. აფხაზეთში მათი ვიზიტის მიზანს რუსეთისა და აფხაზეთის უშიშროების სამსახურების ერთობლივი ანტიტერორისტული წვრთნების კოორდინაცია წარმოადგენს. ამ წვრთნებმა უნდა დაასრულოს ოპოზიციის სწრაფვა ადმინისტრაციული შენობების დაკავებისა და სახელმწიფო გადატრიალებებისკენ. ჩვენი ინფორმაციით, სოჭში დელეგაციამ პირველივე შეხვედრა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან გამართა, რომელიც გენერალიტეტთან დაახლოებული პირი გახლავთ. ნათელია, რომ რუსეთს არ სურს, აფხაზეთში მოულოდნელად იხილოს “ფერადი რევოლუცია”, უკრაინული ან ყაზახური სცენარი. ამ კონტექსტში უახლოეს ხანებში არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ პოლიტიკის კიდევ უფრო მეტ გამკაცრებას უნდა ველოდოთ”.

კიდევ უფრო ხისტად წერდნენ წვრთნების მიზნებსა და მნიშვნელობაზე რუსული სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული გამოცემები. “სპუტნიკმა”, მაგალითად, ღიად მიანიშნა აფხაზურ საზოგადოებას ამასწინანდელ მოვლენებზე ყაზახეთში, სადაც კორუფციითა და კრემლის მიმართ ლოიალურობით ცნობილი ადგილობრივი ხელისუფლებისა და პუტინის ОДКБ-ს ძალების ერთობლივი მონდომებით “სახელმწიფო გადატრიალების გარედან ინსპირირებული მცდელობისა” და “ტერორიზმის” საბაბით სახალხო პროტესტის მრავალი მონაწილე მოკლეს .

[…] აფხაზური და რუსული სპეცსამსახურები წარმატებით მუშაობენ გარე მტრული ზეგავლენის სხვადასხვა მიმართულების (აგენტურა, იდეოლოგია, პროდასავლური NGO) აღსაკვეთად. […] თუ აფხაზი ხალხის გარე მტრები ან სულგაყიდული შიდა ძალები რესპუბლიკაში ვითარების დესტაბილიზაციას ან 2008 წლის ისტორიის განმეორებას მოისურვებენ, სპეცსამსახურებისა და აფხაზეთ-რუსეთის ძალოვანი უწყებების პასუხი იქნება ოპერატიული, პროფესიონალური, ხისტი (როგორც ამასწინათ ყაზახეთში). დასავლეთმა არც უნდა იოცნებოს პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალ “ფერად რევოლუციებზე” ან რაიმე მსგავსზე. […] სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება რუსეთის გარეშე შეუძლებელია. […] მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკური მოქნილობა დიდია, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი” – ასეთია ავტორის ძირითადი გზავნილები აფხაზი ხალხისადმი.

მაინც რა მომენტში იქცა აფხაზური ოპოზიცია, რომელიც მუდმივად წინააღმდეგობას უწევდა როგორც თბილისთან, ისე დასავლეთთან დიალოგსა და თანამშრომლობას, “სულგაყიდულ შიდა ძალად” და “უპილოტო დემოკრატიის გამტარებლად”, ანდა რაში გამოვლინდა მისი “ტერორისტული” მიდრეკილებები – სტატიაში დაზუსტებული არ არის. თუმცა კრემლის პროპაგანდის პროდუქტებში ლოგიკისა და ურყევი მტკიცებულებების ძებნას მსოფლიო დიდი ხანია, აღარ ცდილობს, ისევე, როგორც კარგა ხანია, აღარ უკვირს რუსეთში კრემლის “ჯადოსნური ჯოხის” პირველივე აქნევით ოპოზიციონერების, ჟურნალისტების, ბლოგერების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და კრიტიკულად განწყობილი თუნდაც რიგითი მოქალაქეების მყისიერი “გარდასახვა” “უცხოეთის აგენტებად”, “ექსტრემისტებად” ან “ტერორისტებად”.

რა გასაკვირია, რომ აფხაზურმა საზოგადოებამ ზემოთ აღწერილი მოვლენები აღიქვა აფხაზეთისთვის ძალის დემონსტრირებად და “სტრატეგიული მეგობრის” მზაობად, საჭიროების შემთხვევაში სოხუმში სისხლიც დაღვაროს.

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S