
ბიბილოვს კვლავ „პრეზიდენტობა“ სურს
08/02/2022 20:00:51 კონფლიქტები
ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტობისთვის კენჭს მეორედ იყრის.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის შესახებ პარტია "ერთიანი ოსეთის" ყრილობაზე განაცხადეს, რომელიც საკონცერტო დარბაზ ჩერმენში ჩატარდა და 300 დელეგატი დაესწრო.
ყრილობაზე ბიბილოვის კანდიდატურას მხარი 297-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 1 წავიდა, 2 ბიულეტენი კი გაუქმდა.
ყრილობას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების - ლუგანსკის და დონეცკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს ბიბილოვმა თქვა, რომ ქართული "დეოკუპაციის სტრატეგია" ჩაიშალა:
„საქართველოს სტრატეგიის საბოლოო მიზანი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის დამყარება იყო. თუმცა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მტკიცე პოზიციის გამო, ამ სტრატეგიის ვერცერთი პუნქტი ვერ განხორციელდა. ქართული მხარე თავად აღიარებს წაგებას და მას 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხთან აიგივებს". - თქვა ანატოლი ბიბილოვმა.