
აშშ რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს
09/02/2022 07:33:34 კონფლიქტები, პოლიტიკა
აშშ რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამის შესახებ "აქცენტს" შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.
"აქცენტი" დაინტერესდა, რა დამოკიდებულება აქვს აშშ–ს ბრიტანეთ–პოლონეთ–უკრაინის ახალ ალიანსთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა "აქცენტთან" აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დეესკალაციისკენ მიმართულ"ნებისმიერ გულწრფელ ძალისხმევას" და მან "შეერთებული შტატების მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა" კიდევ ერთხელ დაადასტურა.
"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ვითარების დეესკალაციისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას და მოლაპარაკებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დიპლომატიური გზით მოგვარებას. აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს პროგრესის მისაღწევად გაწეულ ნებისმიერ გულწრფელ ძალისხმევას. ამავდროულად, ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შევკრიბეთ მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო წარმოდგენილობის გაზრდის საპასუხოდ. ჩვენ ერთიანი ვართ და მზად ვართ, მტკიცედ და ერთად ვუპასუხოთ ყველაფერს, რასაც რუსეთი გააკეთებს. ამასთან, შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და მას შემდეგ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საქართველოსთან 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე", – აცხადებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი.