Accentnews.ge
სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინის ჰიმნი იმღერა

სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინის ჰიმნი იმღერა

09/02/2022 08:29:33 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე უკრაინის მხარდასაჭერად ამ ქვეყნის ეროვნული ჰიმნი შეასრულა, დარბაზში ისმოდა ჰიმნის აუდიოჩანაწერი.

სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის ეროვნული დროშის ფერების მაისური ეცვა, ხელში უკრაინის დროშა ეჭირა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინელმა დეპუტატებმა გამოგზავნეს.

„სლავა უკრაინე! გეროემ სლავა“,- თქვა სააკაშვილმა ჰიმნის დასრულების შემდეგ. მის ამ შეძახილს შეუერთდნენ სასამართლოს დარბაზში მსხდომი მისი ადვოკატები და მხარდამჭერებიც.

"კარგით, ეს პერფორმანსიც შედგა, მოვრჩით? დავიწყოთ მაშინ", - თქვა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა და სხდომა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ჩვენების მიცემით გაგრძელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი.

მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება ასე არის ფორმულირებული - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი ფულადი თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვა. პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს. გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურა აცხადებს, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S