
ანზორ ჩუბინიძემ სააკაშვილის საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა
09/02/2022 09:14:02 სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ, რომელიც დაცვის მხარის მოწმის სახით იკითხებოდა, უარი განაცხადა სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე.
მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან მუშაობს, იცნობს მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ სახელმწიფო ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებულ საქმეს, რომელიც 2009-2013 წლამდე პერიოდს მოიცავს, თუმცა ამ წლებში ის არ ხელმძღვანელობდა უსაფრთხოების სამსახურს და შესაბამისად საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
„ბრალდების ამ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს, შესაბამისად, დღეს ჩემს მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა და გნებავთ, დაფიქსირებული პოზიცია, შესაძლებელია ისე იყოს ინტერპრეტირებული, რომ გამოყენებული იყოს ჩემს საწინააღმდეგოდ მომავალში. ამასთან დაკავშირებით მსურს განვაცხადო, მინდა ვისარგებლო საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ უარი განვაცხადო ჩვენებაზე სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
"სინდისი არ შეგაწუხებთ, ბატონო ანზორ", - მიმართა მას ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სანამ სხდომათა დარბაზს დატოვებდა.
„თქვენ ხომ ზუსტად იცით, რომ ყველაფერი, რაშიც ადანაშაულებენ თქვენს კოლეგას და რის გამო 9 წელი შეიძლება გაუშვან ციხეში. თქვენ თვითონ, გარდა ივანიშვილის მსახურებისა, სინდისი საერთოდ არ გაქვს? შვილები არ გყავთ? შვილიშვილები არ გეყოლებათ? არ შეახსენებენ თქვენს შვილთაშვილებს, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩაასმევინეთ ციხეში, თუ როგორ?“- განაცხადა მიხეიელ სააკაშვილმა და განაგრძო - „თუმცა ძალიან კარგად იცით, როგორ "მეპათხალიმებოდა" თქვენი უფროსი და ფეხსაცმელებს მილოკავდა და თქვენც ხართ ამის მომსწრე, მაგრამ დავანებოთ თავი სააკაშვილს, ჯანაშიას რომ უშვებთ ციხეში აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ბრალდებით, რაზეც თქვენ თვითონ გაქვს ხელი მოწერილი და გასაიდუმლოებული, ამაზე თქვენ შვილიშვილს კითხვას არ დაუსვამენ? ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი პროცესი, 5 საუკუნის მერეც ილაპარაკებენ ამაზე და იტყვიან, რომ იყო ვიღაც ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც უარი თქვა თავისი კოლეგის გადარჩენაზე. ახლა იქნიეთ თავი რამდენიც გინდათ, მე გეუბნებით, რაც მოხდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
დაცვის მხარის განცხადებით, იმ არგუმენტით, რომ არ მოხდეს მოწმის ინკრიმინირება, ჩვენებაზე უარის თქმა დაუშვებელია და ჩვენების მიცემისგან თავის არიდება სისხლის სამართლებრივი დანაშაულია.
ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ტყუილია, რომ ბრალდების მხარე არ ეთანხმებოდა ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას, ვინაიდან ის დაცვის მხარის დასაკითხთა სიაში იყო შეყვანილი.
პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ თქვა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას ბრალდების მხარე ისედაც არასდროს ეთანხმებოდა, ვინაიდან მას შემხებლობა არ აქვს საქმესთან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას წინააღმდეგ განიხილავენ და მოწმეს ჩვენების მიცემას ვერ აიძულებენ.
ანზორ ჩუბინიძემ მოგვიანებით სასამართლო დარბაზი დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი.