Accentnews.ge
პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი: "მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"

პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი: "მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"

10/02/2022 06:41:41 კონფლიქტები

"მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", – ამის შესახებ პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი დეპუტატის ვალენტინო ვალენტინის განცხადებაშია ნათქვამი.

Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატის, Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის წევრის, მატეო დალოსოს ორგანიზებით იტალიის პარლამენტის მედიაცენტრში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ პრეს–კონფერენციას გამოეხმაურა, რომლის სახელწოდება იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“.

„შევიტყვეთ დეპუტატ დალოსოს მიერ დღეს გამართული პრესკონფერენციის შესახებ, რომლის თემა იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ საქმე ეხებოდა დეპუტატ დალოსოს გამოკვეთილად პირად ინიციატივას, რაც არ ასახავს არც იტალიის სახელმწიფოს და არც პარტიის Forza Italia პოზიციას. ჩვენი ქვეყნის მიერ მუდმივად გატარებულ პოლიტიკასთან თანხვედრაში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს, არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად“, – ნათქვამია პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაში, რომლის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადება ასევე გაავრცელა დეპუტატთა პალატის პრესცენტრმა.

„დეპუტატ მატეო დალოსოს ორგანიზებით, დღეს გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით, რომლის სათაური იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“, ვაცხადებთ, რომ პარლამენტის სასახლეში ცალკეული დეპუტატის მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია არ იმართება არც დეპუტატთა პალატის და არც მისი თავმჯდომარის ეგიდით და მხარდაჭერით; მსგავს ღონისძიებაზე პასუხისმგებელია თავად დეპუტატი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: იტალიის საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი ღონისძიების ანონსი 9 თებერვალს აფხაზეთის “განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა” კან ტანიამ გაავრცელა.

“პატივცემულო მეგობრებო! დღეს იტალიის პარლამენტში აფხაზეთისთვის ნიშანდობლივი მოვლენა მოხდება. მოსკოვის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება იტალიელ დეპუტატ მატეო დალოსოს პრეს-კონფერენცია თემაზე “ხალხთა თვითგამორკვევის უფლება. აფხაზეთი და დიდი ევროპა”. ონლაინ-რეჟიმში ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია და “აფხაზ-აბაზინელთა მსოფლიო კონგრესის” უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე მუსა ეკზეკოვი. უღრმესი მადლობა აფხაზეთის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩ ვიტო გრიტანისა და აფხაზეთის მეგობრებს” – დაწერა ტანიამ სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ იტალიის საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ აფხაზურ ღონისძიებებს "ოფიციალური რომის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა".

"იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იტალიას არაერთხელ გაუკეთებია მის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმების უკანონო აქტივობების დამგმობი ოფიციალური განცხადება. რაც შეეხება აღნიშნულ პოლიტიკოსს, მატეო დალოსო ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით. ის აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა რეჟიმის წარმომადგენელთა პროვოკაციულ ქმედებებში. პოლიტიკოსის აღნიშნულ ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან", – განუცხადეს "აქცენტს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S