Accentnews.ge
„კადიროვს სურს, ეს მკვლელობა პუტინს მიუძღვნას“ : მორიგი დევნა ჩეჩნეთიდან

„კადიროვს სურს, ეს მკვლელობა პუტინს მიუძღვნას“ : მორიგი დევნა ჩეჩნეთიდან

11/02/2022 14:09:38 კავკასია

საფრანგეთში მცხოვრებმა უფლებადამცველმა, რუსეთის სასჯელარსრულების დაწესებულებებში დაკავებულთა წამების მამხილებელი პროექტის Gulagu.net დამფუძნებელმა ვლადიმირ ოსეჩკინმა მასზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

როგორც უფლებადამცველი ყვება, „კილერს“ ჩეჩნურ დიასპორის იმ წევრებს შორის ეძებენ, რომელთაც კავშირი აქვთ მოსკოვში არსებულ „საპრეზიდენტო სასტუმროსთან“, რომელსაც მედია უწოდებს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის „მარჯვენა ხელის“ – ადამ დელიმხანოვის არაფორმალურ შტაბბინას.

უფლებადამცველი ამბობს, რომ Gulagu.net–ის ჯგუფი მუდმივად იღებს შეტყობინებებს, რომლებიც შესაძლოა, კვალიფიცირდეს, როგორც მუქარა, თუმცა შესაძლოა, ეს დაშინების მცდელობადაც იქნეს აღქმული, რათა ჯგუფმა საქმიანობა წამების შეწყვიტოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ვითარება განსხვავებულია: არ ყოფილა არანაირი წერილი, თუმცა ორმა დამოუკიდებელმა წყარომ მას თავდასხმის მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, საფრანგეთში მცხოვრებმა ჩეჩენმა ჯგუფს შეატყობინა, რომ „საპრეზიდენტო სასტუმრო“ ჩეჩნურ დიასპორაში ეძებს პირს, რომელიც 100 ათასი ევროს სანაცვლოდ მოაწყობს კონფლიქტის ინსცენირებას, რომლის დროსაც უფლებადამცველი უნდა მოკლან. მოგვიანებით საფრთხის შესახებ მას ინფორმაცია რუსმა ბიზნესმენმა მიაწოდა, რადგან „ოსეჩკინი სისტემის მუშაობას უშლის ხელსო“, ხოლო თუ „სახელმწიფო უარს იტყვის წამებაზე, სისტემა ვერ იმუშავებს. თუ წამება არ იქნება, მაშ ჩვენ რით დავკავდეთო?“.

მოგვიანებით კიდევ ერთმა ჩეჩენმა, რომელსაც თავის დროზე კავშირი ჰქონდა დელიმხანოვის არაფორმალურ შტაბბინასთან, დაადასტურა, რომ ნამდვილად იყო მსგავსი საუბრები და პირთა ლიკვიდირების შეკვეთის თაობაზე.

უფლებადამცველმა მიღებული ინფორმაცია საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს გადასცა და ინფორმაციის გასაჯაროება გადაწყვიტა იმედით, რომ ეს დევნის დამკვეთს შეაჩერებს.

„2020 წლის დასაწყისში Gulagu.net–მა გამოაქვეყნა ინფომაცია, რომ ФСБ ჩრდილოეთ კავკასიური წარმომავლობის კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებით გეგმავდა ოპოზიციონერი ლიდერების მკვლელობებს. ჩვენი მონაცემებით, შემსრულებელი უნდა ყოფილიყო კრიმინალური ავტორიტეტი ახმედ დომბაევი (ახმედ შალინსკი). მისი ჯგუფი გადაადგილდა ჩეჩნეთიდან მოსკოვში, თუმცა ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ სპეცსამსახურმა მეთოდი შეცვალა“,– იხსენებს პროექტის დამფუძნებელი და ფიქრობს, რომ მისი მკვლელობა შესაძლოა, ჩეჩენი „კანონიერი ქურდების“ შურისძიებად გაასაღონ, თავად კი დარწმუნებულია, რომ მკვლელობის შემკვეთია ФСБ–ს „ემ“ განყოფილება, რომელიც აკონტროლებს სასჯელაღსრულების სისტემას და დელიმხანოვის „საპრეზიდენტო სასტუმრო“.

საზღვარგარეთ მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერები და აქტივისტები დამაჯერებლად მიიჩნევენ, ევროპის ტერიტორიაზე „კადიროველების“ მკვლელობებისთვის გამოყენების შესაძლებლობას, თუმცა მანამდე მათ მხოლოდ კადიროვის პირადი მტრების ჩამოსაშორებლად იყენებდნენ. მაგალითად, 2004 წელს ყატარში ააფეთქეს იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ზელიმხან იანდარბიევი; 2009 წელს ვენაში დახვრიტეს კადიროვის ყოფილი მცველი უმარ ისრაილოვი; სულიმ იამადაევი დუბაიში ელიტური კომპლექსის მიწისქვეშა ავტოფარეხში მოკლეს; 2017 წელს კიევში დახვრიტეს ჩეჩენი ამინა ოკუევა და ააფეთქეს საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ტიმურ მახაევი; 2019 წელს „ქილერმა“ ბერლინში მოკლა ასევე საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი; 2020 წელს ავსტრიაში მოკლეს ბლოგერი მამიხან უმაროვი; 2020 წლის თებერვალში, საფრანგეთის ქალაქ ლილში, რეზონანსული გამოსვლებით ცნობილი იმრან ალიევი გარდაცვლილი იპოვეს. მას სხეულზე დანით მიყენებული 135 ჭრილობა აღენიშნებოდა – ეს არასრული ჩამონათვალია კადიროვის კრიტიკოსების, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე ემიგრაციაში წასვლითაც ვერ იხსნეს. თიოეულ შემთხვევაში სამართალდამცველებმა ან დაადგილეს მკვლელობებთან თუ თავდასხმებთან რუსეთის და ჩეჩნეთის ხელისუფლებების პირდაპირ კავშირი ან ეჭვობენ მათი ჩართულობის თაობაზე.

„თუ Gulagu.net–ის დამფუძნებლის ინფორმაცია სწორია, ჩეჩნეთის ხელისუფლებიდან პირველად ეძებენ „კილერს“ უფლებადამცველის ჩამოსაშორებლად, რომელიც უშუალოდ კადიროვს არ აკრიტიკებს“,– აღნიშნავს Youtube–არხის "Мысли Ислама" დამფუძნებელი ისლამ ბელოკიევი და დასძენს, რომ „რუსეთის ხეისუფლებაში კადიროვს და “კადიროველებს” თავისიანებად არ აღიქვამენ. შესაბამისად, ხვალ შესაძლოა, ხელისუფლება მიაწეროს ყველაფერი „ფადიშახს“ და განაცხადოს, რომ ის დამოუკიდებლად მოქმედებდა პირადი მოტივებით, ხოლო მოსკოვს საქმის კურსში არ აყენებდა“.

კადიროვის რეჟიმს გაქცეული ემიგრანტების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია 1ADAT კი აღნიშნავს, რომ ოსეჩკინის ჩამოშორებით კადიროვი არ არის დაინტერესებული, მისთვის უფრო საინტერესოა, იპოვოს პირადი კრიტიკოსების – იანგულბაევების, ტუმსო აბდურახმანოვის, ხასან ხალიტოვის და სხვების მკვლელობის გზები:

„ერთადერთი, რაც შეიძლება, ვივარაუდოთ, ისაა, რომ კადიროვს ოსეჩინსკის მკვლელობა პუტინისთვის „საჩუქრად“ სურს, რათა საკუთარი შეთავაზებების ფასი გაზარდოს“.

ბლოგერი ხასან ხალიტოვი სავსებით რეალურს უწოდებს, სიტუაციას, როდესაც რუსული სპეცსამსახური „კილერს“ კადიროვის საშუალებით ეძებს, რადგან მათი რეპუტაცია ისედაც შელახულია, ხოლო ევროპაში მრავლად არიან „კადიროველები“, რომლებიც თანხის სანაცვლოდ ყველაფრისთვის მზად არიან:

„მოსკოვისთვის ეს ძალიან მოსახერხებელია. იმავდროულად, ბოლო პერიოდში კადიროვი პუტინისთვის ნამდვილი „თავის ტკივილი“ გახდა და შესაძლოა, მას მსგავსი „სამსახურით“ სურს, ხელმძღვანელობას აამოს. ჩეჩენი ხალხის გატაცება, დაშინება „კადიროველების“ ხელით ხორციელდება დანაშაულებრივი გზებთ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ФСБ მათ იყენებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S