პარლამენტის უშიშროების კომიტეტი გრიგოლ ლილუაშვილის მიწვევას არ აპირებს
14/02/2022 14:07:14 პოლიტიკა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი არ აპირებს მიიწვიოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სხდომაზე. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა გაავრცელეს.
"პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ და მეორე, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის მიერ და არა "ნაციონალური მოძრაობის" გემოვნების და დღის წესრიგის საფუძველზე", - ვკითხულობთ ირაკლი ბერაიას, ალექსანდრე ტაბატაძისა და ვლადიმერ ჩაჩიბაიას ერთობლივ განცხადებაში.
კომიტეტის ხელმძღვანელი პირები ბინძურ და ცილისმწამებლურ კამპანიას უწოდებენ გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ გავრცელებულ ბრალდებას, ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირის შესახებ.
"ჩვენ, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე ზედამხედველი კომიტეტის წევრები, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას. სამსახურს სათავეში უდგას პატრიოტი, მაღალი კვალიფიკაციის ღირსეული პროფესიონალი, რომლის ხელმძღვანელობითაც უწყება ეფექტიანად საქმიანობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შიდა თუ გარე საფრთხეების პრევენციის და ნეიტრალიზაციის თვალსაზრისით. სწორედ ეს არ არის თავსებადი მავნებლების დღის წესრიგთან, რაც იწვევს მათ არაადეკვატურ ნაბიჯებს...
სამსახურის და მისი ხელმძღვანელობის შესახებ ცილისმწამებლური გამონათქვამები მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, ატარებენ ვიწროპოლიტიკურ, პროვოკაციულ ხასიათს, წარმოადგენენ მავნებლური დღის წესრიგის ნაწილს", - წერია განცხადებაში.
დღეს, 14 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტია აპირებდა სუს–ის ხელმძღვანელი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მიეწვია და მისთვის კითხვები დაესვათ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით.


