
CIT: შესაძლო შეჭრისთვის რუსული ჯარების მომზადება "პრაქტიკულად დასრულებულია"
14/02/2022 15:44:50 მსოფლიო
უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციისთვის რუსული ჯარების მომზადება პრაქტიკულად დასრულებულია, ან მაქსიმუმ, უახლოეს დღეებში დასრულდება, - იუწყება კვლევითი ჯგუფი "Conflict Intelligence Team" უკრაინის საზღვართან მობილიზებული ძალების ანალიზის საფუძველზე, რომლის დეტალური შედეგები დღეს გამოქვეყნდა და რომელიც ღია წყაროებს, უპირველესად სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალას ეყრდნობა.
CIT-ს მონაცემებით, საუბარია რუსეთის არა მარტო სახმელეთო ჯარზე, არამედ ავიაციაზე, ფლოტზე და ეროვნული გვარდიის შენაერთებზე.
მოხსენებაში ფიგურირებს ასევე რუსული ნაწილების მნიშვნელოვანი რაოდენობის, მათ შორის სადესანტო დანაყოფების გადაადგილება ბელარუსში, სადაც ამჟამად მასშტაბური წვრთნები გრძელდება. გარდა ამისა, მკვლევარები მიუთითებენ ჯარების კონცენტრაციაზე კურსკის მხარესა და ბრიანსკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთში. ბელგოროდის ოლქში კი, მათი მონაცემებით, გრძელდება პირველი გვარდიული სატანკო არმიის ტექნიკისა და მძიმე თვითმავალ საარტილერიო დანადგარ "პიონის" გადასროლა, რომელსაც ძალუძს, საზღვრის გადაუკვეთავად დაბომბოს ხარკოვი.
შეინიშნება ასევე ძალთა გადასროლა ანექსირებულ ყირიმში, ხოლო დესანტის შესაძლო ორგანიზებისთვის რუსულ ფლოტს შავ ზღვაში 11 დიდი სადესანტო გემი ჰყავს მობილიზებული, რომელთაგან 6 ბალტიისა და ჩრდილოეთ ფლოტებს გამოეყო. ბელარუსსა და უკრაინის საზღვართან გადასროლილია ასევე ავიაცია და 60 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი "ისკანდერი".
"ყოველივე ზემოთთქმული წარმოადგენს ჯარების ყველა სახეობისა და სხვა მილიტარიზებული ძალოვანი უწყებების ძალების უპრეცედენტო მობილიზებას და თუ საუბარია ბლეფზე, ანუ რუსეთი შეჭრას არ გეგმავს, მაშინ ეს ბლეფი ძნელად გასარჩევია რეალური მასშტაბური შეტევისთვის მზადებისგან" - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამასთან, მოხსენება უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული ძალების საერთო რაოდენობას არ შეიცავს.
აღსანიშნავია ასევე, რომ არსებობს უკრაინის თავდაცვითი სტრატეგიების ცენტრის კვლევაც, რომლის შედეგების თანახმად, ამჟამად თავდასხმა ნაკლებ სავარაუდოა.