
"სამხედრო ინტერვენციის თარიღს გვინიშნავენ" – ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა
14/02/2022 20:18:45 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
„გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი თავდასხმის დღე იქნება. ჩვენ კი მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ. შესაბამისი განკარგულება უკვე ხელმოწერილია. ამ დღეს ჩვენ გამოვფენთ ეროვნულ დროშებს, გავიკეთებთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ ჩვენს ერთიანობას. ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ევროპული მისწრაფება. ჩვენ გვსურს თავისუფლება და მზად ვართ, მისთვის ვიბრძოლოთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, უკრაინის წინაშეა სერიოზული საგარეო და საშინაო გამოწვევები, რომლებიც პასუხისმგებლობას, თავდაჯერებულობასა და კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს:
"გვაშინებენ დიდი ომით და კიდევ ერთხელ გვინიშნავენ სამხედრო ინტერვენციის თარიღს. ეს პირველად არ ხდება. თუმცა, ჩვენი სახელმწიფო დღეს ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ მივისწრაფვით მშვიდობისკენ და გვსურს, ყველა საკითხი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით გადავჭრათ. დონბასიც და ყირიმიც დაუბრუნდება უკრაინას, მხოლოდ დიპლომატიური გზით. ჩვენ არ ხელვყოფთ სხვისას, თუმცა საკუთარსაც არ დავთმობთ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი არმია. ჩვენი ბიჭები უნიკალურ საბრძოლო გამოცდილებასა და თანამედროვე იარაღს ფლობენ. ეს უკვე ბევრად ძლიერი არმიაა, ვიდრე რვა წლის წინ იყო. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, თუმცა ჩვენი სამხედროებიც უნდა გრძნობდნენ ჩვენს მხარდაჭერას და ჩვენს ერთიანობას. ჩვენი არმიის საფუძველი არის საკუთარი ხალხის რწმენა და ძლიერი ეკონომიკა“.