
ცოლ–ქმრის მკვლელობისთვის 34 წლის კაცი დააკავეს
14/02/2022 20:00:04 სამართალი
სოფელ კონდოლში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 34 წლის პირი ბათუმში დააკავეს.
შსს–ს ვერსიით, ბრალდებულ მამაკაცს 10 თებერვალს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფერმაში ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ამავე ფერმაში დასაქმებულ ცოლ-ქმართან. კერძოდ, ბრალდებული მათ ფულს სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. შემდეგ მოკლულების არასრულწლოვან შვილს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გ.გ. დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით გრძელდება.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.