
რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა
15/02/2022 09:23:21 ევროპა
რუსეთის სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქებმა წვრთნების შემდეგ სამხედროების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება დაიწყეს,– იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
„სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები დავალებების შესრულების შემდეგ სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის დატვირთვას შეუდგნენ და დღეს დაიწყებენ გადაადგილებას თავიანთი სამხედრო გარნიზონებისკენ. ცალკეული ქვედანაყოფები სამხედრო კოლონის შემადგენლობაში მსვლელობას თავად განახორციელებენ“,– განახადა რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა რუსეთ–ბელარუსის ერთობლივ წვრთნებზე, რომელიც ასევე იწვევს დასავლეთის შეშფოთებას უკრაინის დანარჩენ საზღვრებთა რუსი სამხედროების თავმოყრის ფონზე და განაცხადა, რომ სამხედრო ატაშეები საელჩოებიდან და მედიის წარმომადგენლები მიწვეულნი არიან წვრთნებზე, რომელიც მიმდინარეობს ბელარუსში, ობუზ-ლესნევსკის სასწავლო მოედანზე და მათ საშუალება ექნებათ, დააკვირდნენ ერთობლივი ვარჯიშების ბოლო ეტაპს.
თემის კომენტირებისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მხოლოდ შესაბამისი მტკიცებულებების ხილვის შემდეგ იქნება შესაძლებელი საბარი დეესკალაციაზე.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივად სხვადასხვა განცხადებები გვესმის, ამიტომ, ჩვენ გვაქვს წესი: დავინახავთ და შემდეგ დავიჯერებთ. თუ დავინახავთ გაყვანას [სამხედროების] –დავიჯერებთ დეესკალაციას“,– განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, თუ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო უკრაინის ტერიტორიებს „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღარებს, რუსეთი დე ფაქტო და დეიურე გამოვა მინსკის შეთანხმებიდან
„ჩვენ ამ პოზიციის შესახებ პარტნიორები უკვე გავაფრთხილეთ“,– დასძინა მინისტრმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა მარია ზახაროვამ კი სოციალურ ქსელში დაწერა:
„2022 წლის 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც ომის დასავლური პროპაგანდის ჩავარდნის დღე. შერცხვენილი და განადგურებული გასროლის გარეშე“, - წერს მარია ზახაროვა.