
რუსეთის "დუმამ" პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების თხოვნით მიმართა
15/02/2022 10:28:50 კონფლიქტები, მსოფლიო
რუსეთის "სახელმწიფო სათათბიროს" დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ პუტინისადმი მიმართვას თხოვნით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღოაროს.
დადგენილების პროექტი კომპარტიამ მოამზადა. მას ხმა 351-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ - 16-მა, ერთმა პარლამენტარმა თავი შეიკავა.
2014 წლის მაისში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებმა უკრაინისგან "დამოუკიდებლობა" გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელდასმითა და ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმები "თვითგამორკვევის" თაობაზე. ამ ეტაპზე ორივე "სახალხო რესპუბლიკა" მხოლოდ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას აქვს აღიარებული, რომლის მმართველი დე ფაქტო რეჟიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ იღწვის.