
უკრაინამ გაერო–ს საქართველოს მაგალითი შეახსენა
16/02/2022 05:40:56 ევროპა
უკრაინამ გაეროს გენერალურ მდივანს და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მიმართა რუსეთის დუმის მიერ მიღებული დადგენილების გამო, რომლითაც დუმა პრეზიდენტ პუტინისგან ითხოვს უკრაინის ორი სეპარატისტული წარმონაქმნის - დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას.
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის სერგიი კისლიცას მიერ გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშისა და გაეროს წევრი სახელმწიფოებისთვის გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ამ ე.წ. რესპუბლიკების აღიარება იქნება იმის ნიშანი, რომ მოსკოვი შეგნებულად ტოვებს მინსკის შეთანხმებებს, ეს კი, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით მოგვარებას, რაც უკრაინის და მისი პარტნიორების მიზანია.
უკრაინელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ე.წ. აღიარებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ ექნება, რუსეთი ლუგანსკის და დონეცკის დროებით ოკუპირებულ ოლქებში თავის საოკუპაციო ადმინისტრაციებს „დამოუკიდებელ სუბიექტებად“ ვერ გაასაღებს და ვეღარც იმას დამალავს, რომ დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეა.
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ დუმის დადგენილების მხარდაჭერას საერთაშორისო წესრიგისა და უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურისთვის ექნება გაცილებით ფართო, დამანგრეველი შედეგები, ამიტომ რუსეთს აქვს არჩევანი - ის ან დეესკალაციის და დიპლომატიური დიალოგის გზას დაადგება, ან საკუთარ თავზე გამოცდის საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, კონსოლიდირებულ პასუხს.