Accentnews.ge
რუსული წვრთნები ბელარუსში: "მოსახლეობას შესაძლო ომზე მეტად რუსული ოკუპაცია აშინებს"

რუსული წვრთნები ბელარუსში: "მოსახლეობას შესაძლო ომზე მეტად რუსული ოკუპაცია აშინებს"

16/02/2022 10:32:46 მსოფლიო

ბელარუსში, გომელის ოლქის სოფელ ხრაპკოვოსთან რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების მონაწილე ორი ნასვამი რუსი სამხედრო გაიყინა, - იუწყება "ბელარუსკაია პრაუდა". ირკვევა, რომ ეს სწავლებების დაწყების დროიდან პირველი მსგავსი ფაქტი არაა, თუმცა ცდილობენ, ინფორმაცია არ გახმაურდეს.

ბელარუსული გამოცემა მომხდარს რეპორტაჟს უძღვნის, რომელიც წვრთნების ფონზე ქვეყანაში შექმნილ რეალურ ვითარებას ასახავს:

"ბელარუსის ტერიტორიაზე მიმდინარე ერთობლივი რუსულ-ბელარუსული სამხედრო წვრთნები «საკავშირო სიმტკიცე – 2022» ნამდვილად შევა ბელარუსის ისტორიის ანალებში - თუ მონაწილეთა რიცხოვნობით არა, მათი "ამჩემფეხებობით" მაინც - როგორც საკუთარი თავის, ისე გარემოს მიმართ, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენი სამშობლოა.

პირველი, რაც თვალში გეცემათ, COVID-ვითარებაა, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვითაც კი ყველა რეკორდს ხსნის: "ომიკრონმა" ბელარუსში გამარჯვებულის მსველობა წამოიწყო და ყველა ერთმანეთს ასნებოვნებს. ავადობენ რუსი და ბელარუსი ოფიცრები/ჯარისკაცები, მათ კვალდაკვალ კი - ადგილობრივი მაცხოვრებლებიც. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ვითარება გომელის ოლქში. ჰოსპიტალში ყველა ინფიცირებული სამხედრო როდი ხვდება, ნაწილი საველე ბანაკებში მკურნალობს - და ვითარება წრეზე ტრიალებს.

ინფიცირების შესაძლებლობის გარდა, ადგილობრივებში დაისადგურა სხვა, უფრო ძლიერმა შიშმაც - არა იმდენად უკრაინასთან ომის, რამდენადაც ოკუპაციის: რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ რუსი სამხედროები ბელარუსს დატოვებენ, ეს ბევრს ძალიან ეეჭვება.

თანაც, ტელევიზორში გაცხადებული "ბელარუსების განსაკუთრებული სახალხო სიყვარული წვრთნებისადმი" ერთია, რეალობა კი - სულ სხვა და ბევრი მშობელი უფროსკლასელ ქალიშვილებს სკოლაში აღარ უშვებს, რადგან თვეობით სახლს მოწყვეტილი რუსი სამხედროების ჯგროს მზერა აშინებს, განსაკუთრებით - სიმთვრალეში, რომელსაც სისტემატიური ხასიათი აქვს.

სამხედრო მართლაც ძალიან ბევრია - მსგავსი რაოდენობა ადგილობრივებს ჯერ არ უნახავთ და უკვე ეს აგდებთ შოკში. თანაც ყველა შეიარაღებულია და, ასე ვთქვათ, "აღგზნებული" წვრთნებით, მსგავს პირობებში კი ადამიანები ადექვატურები ყოველთვის როდი არიან.

შიშს აღვივებს ის ფაქტიც, რომ წვრთნების მონაწილეებს შორის ბევრია არასლავური გარეგნობის - რუსეთიდან ჩამოსული სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენლები, რომლებიც როგორც წესი, წარბშეკრულები გიმზერენ და "ჩვენიანებად" არ აღიქმებიან. ხოლო თუ ბელარუსულ საზოგადოებაში არსებულ ზოგად დაძაბულობას დავამატებთ, ამასთან დაკავშირებული შიშები მთლად უსაფუძვლო არცაა.

დიდ კითხვებს იწვევს რუსების ქცევაც: ნელ-ნელა უკვე ვეჩვევით, რომ სამხედრო ტექნიკა ქალაქების ქუჩებში გადაადგილდება და მანქანების გვერდზე პარკირდება მაღაზიებთან, კაფეებთან და ა.შ. ამასობაში მუხლუხოებმა გზები იმდენად მოსპო, რომ გაზაფხულზე თავიდან იქნება დასაგები - აქაოდა, "ჩვენი არაა, თქვენ იდარდეთო». ხოლო გვექნება თუ არა შეკეთების ფული - საკითხავია იმ პირობებში, როცა რუბლიცა და ეკონომიკაც დიდი ხანია, "ძირს სინჯავს".

ცალკე ისტორიაა "ბუნებასთან ბრძოლა". დევნილებს ჯერ ქვეყნის დასავლეთში შეშისთვის ტყის განადგურება არ შეუწყვეტიათ - და უკვე ახალი ჭირი გვჭირს: მასობრივად მოდის ცნობები რუსი სახმედროების მიერ გასათბობად და საველე ბანაკების მოსაწყობად ხის ჭრის თაობაზე. გაზაფხულზე, მაღალი ალბათობით, საყვარელ დასასვენებელ ადგილებში შიშველი მიწა, ნახანძრალები და წვრთნების სხვა "კვალი" დაგვხვდება.

რატომ? იმიტომ, რომ საბჭოთა, ხოლო შემდეგ რუსეთის არმია არასოდეს იყო სახელგანთქმული გარემოსა და კანონებისადმი პატივისცემით. ის კი არა, მისთვის ადამიანის სიცოცხლესაც კი ნულოვანი ღირებულება აქვს, ყველაფერი ზემდგომების წინაშე შიშზეა დამყარებული.

ერთი სიტყვით, სახეზეა ყველა პირობა იმ განუკითხაობისთვის, რომელსაც დღეს ბელარუსში ვადევნებთ კიდეც თვალს.

სადღეისოდ უკვე უამრავი ფაქტია აღრიცხული იმისა, როგორ სვამენ ჯარისკაცებიცა და ოფიცრებიც ღამ-ღამობით. ძალზე სწრაფად ჩამოყალიბდა სამხედროებისთვის ყველა სახის ალკოჰოლის მიწოდება - დაწყებული თვითნაკეთი არყით, დამთავრებული ელიტური სასმელებით. თუმცა ადგილობრივები, რომლებიც ამ "ბიზნესში" ჩართვნენ, როგორც წესი, ზარალობენ: ჯარისკაცებს ბევრი ფული ცხადია, არ აქვთ, სმის პროცესს კი ვერ შეაჩერებ, ამიტომაც აღარავის უკვირს და ვერც აპროტესტებს, რომ ეზოებიდან და სახლებიდან ნვთები ქრება.

რაკი შიში მეფობს და ხმამაღლა ვერავინ დაიჩივლებს, სოფლებში ღამ-ღამობით თავად მოსახლეობის მიერ ორგანიზებული "კომენდანტის საათი" ამოქმედდა და უმრავლესობა შეღამებიდან გარეთ ცხვირს აღარ ყოფს.

რუსული არმია კვების კუთხითაც ძალიან მოიკოჭლებს. გასაკვირი არაა, რომ უფრო სინდისიერი სამხედროები მოსახლეობას თხოვნით მიმართავენ, "რამე გვაჭამეთო", ხოლო უფრო უსინდისოები უბრალოდ იპარავენ პირუტყვს.

ამ ფონზე უფრო გჯერა ცნობების, რომლისაც სულაც არ გსურს, დაიჯერო, - რომ "წვრთნების" საფარქვეშ ახლა შეიძლება, უპრობლემოდ შეიძინო იარაღიც, მათ შორის "კალაშნიკოვებიც". ხოლო ის, რომ რუსი სამხედროები საწვავს, საკვებსა და აღჭურვილობას ყიდიან - სიახლე აღარაა: ან ყიდიან, ან ბარტერი აქვთ გაჩაღებული - ცვლიან სიგარეტსა და ალკოჰოლში.

და მართლაც: ამჟამად ბელარუსში თავმოყრილი სამხედროებისა და ტექნიკის ამხელა რაოდენობის ფონზე რომელიმე პისტოლეტისა თუ ავტომატის, საკვების ყუთისა თუ საწვავის ცისტერნის გაქრობას ვინ შეამჩნევს?! - ჩამოწერენ, "გაიხარჯაო".

ასე, რომ განწყობა ამჟამად ბელარუსში დაახლოებით ასეთია: ყველა მოუთმენლად ელის წვრთნების დასრულებას, რომლებიც თათარ-მონღოლების შემოსევას უფრო ჰგავს.

ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება, ითქვას: მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა და სჯობდა, არც გვენახა.

წყარო: "Беларуская прауда"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S