
უკრაინის მოვლენების ფონზე ბიბილოვმა „თავდაცვის მინისტრს“ ანგარიშის წარდგენა მოსთხოვა
17/02/2022 10:10:55 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობის სხდომაზე "თავდაცვის მინისტრი" იბრაჰიმ გასეევი გააკრიტიკა.
„თქვენ თავდაცვის მინისტრი ხართ და კეთილი ინებეთ, შეასრულეთ თქვენი მოვალეობები, კმარა საბავშვო ბაღობანას თამაში“,- მიმართა ბიბლოვმა გასეევს.
მან გასეევს ე.წ. შეიარაღებული ძალების, ქვედანაყოფების, სამხედრო ტექნიკის, იარაღის, პირადი შემადგენლობის, სხვა საშუალებების მზაობის ასევე „საქართველოსგან შესაძლო პროვოკაციების შესახებ“ მოხსენების მომზადება დაავალა:
„ვხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინაში. სავსებით შესაძლებელია, საქართველომ ამ ფრონტზე პროვოკაციების განხორციელება სცადოს. ველოდები თქვენს ანგარიშს, რომელსაც უკვე დიდი ხანია აღარ მაწვდით. ხვალ თქვენს ანგარიშს ველოდები“.
ბიბილოვმა ჩინოვნიკებს მოუწოდა პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.
„უსაქმურობის დრო არ გვაქვს, არ უნდა მოვდუნდეთ“, - განაცხადა ბიბილოვმა.
აღსანიშნავია, რომ გასეევი აპრილში დაგეგმილ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ბიბილოვის კონკურენტია.
ცნობისთვის: გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.