
ბურჭულაძემ ნატო–ს მინისტერიალზე რეგიონში ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორების მეტ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება
17/02/2022 11:02:26 თავდაცვა
ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღე საქართველოსა და უკრაინასთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა, პატივისცემა გამოხატა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრმა საქართველოსა და უკრაინის საერთო გამოწვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები რისკის ქვეშ აყენებს ქართველი და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოებას, თავისუფლებას".
"აღნიშნული გამოწვევების პარალელურად, საქართველო განაგრძობს თავდაცვის სფეროში რეფორმების გატარებას, რათა განავითაროს თავდაცვის შესაძლებლობები და გააუმჯობესოს ურთიერთთავსებადობა ნატო-სთან", – განაცხადა ბურჭულაძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრობა ურყევი სტრატეგიული არჩევანია. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის კი, მან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორების მეტ ჩართულობაზე, ნატო-ს შავი ზღვის სტრატეგიის აუცილებლობასა და ღია კარის პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპებზე ისაუბრა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის არსებული მექანიზმებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და აშშ-ის მხარდაჭერით, საქართველო ინსტიტუციურ, საწვრთნელ და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს წარმატებით ავითარებს.
ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებიც მონაწილეობენ.
ცნობისთვის: ნატო–ს მინისტერიალი უკრაინის ირგვლივ უკიდურესად დაძაბული მოვლენების ფონზე იმართება. გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.