
აფხაზეთს რუსი და ბელარუსი ბიზნესმენების სტარტაპების სივრცედ ქცევას უპირებენ
17/02/2022 12:08:04 კონფლიქტები
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში "აფხაზეთის საინვესტიციო მიმზიდველობის განვითარების" სამმხრივი კომისიის ჩამოყალიბებაზე მსჯელობენ. მასში რუსეთის, ბელარუსისა და ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები შევლენ.
"ბელარუსულმა ბიზნესმა დღეს სათანადო ყურადღება მიაქცია აფხაზეთის რესპუბლიკას, როგორც საინვესტიციო სივრცეს. ამ მიზნით აფხაზეთმა სათანადო ცვლილებები უნდა განახორციელოს თავის კანონმდებლობაში. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ ჩვენს კომიტეტში აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან" - უამბო რუსულ მედიას დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილემ ვიქტორ ვოდოლაცკიმ და იქვე დასძინა, რომ "აფხაზეთი სულ უფრო პოპულარული ხდება არა მარტო ტურისტებს, არამედ ბიზნესმენებს შორისაც".
"აფხაზეთი შესაძლოა, რუსი და ბელარუსი ბიზნესმენების სტარტაპების სივრცედ იქცეს. მაგრამ იმისათვის, რომ მათ რესპუბლიკაში ფინანსური რესურსები ჩადონ, საჭიროა მათი საკანონმდებლო დონეზე დაცულობის უზრუნველყოფა. სწორედ ამ საკითხებზე მიდის დღეს დიალოგი ჩვენი კომიტეტის ფარგლებში" - განმარტა მან.
ცნობისთვის: რუსეთის მძლავრი პრესინგის მიუხედავად, აფხაზეთის "პარლამენტი" როგორც შეეძლო, აჭიანურებდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოსკოვიდან გამოგზავნილი დირექტოვების 45-პუნქტიანი პროგრამის ("ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირება კანონმდებლობების ჰარმონიზების გზით") მიღებას, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტმა ბჟანიამ ასევე რუსეთის ზეწოლით სოჭში მოაწერა ხელი. თუმცა სულ მალე აფხაზური "პარლამენტის" არჩევნებია დანიშნული და თუ მმართველი გუნდი, რომელმაც მოსკოვის პრესინგს ვეღარ გაუძლო, საკანონმდებლო ორგანოში თავისი მომხრეების საკმარისი რაოდენობის გაყვანას შეძლებს, დოკუმენტის მიღებას წინ ვეღარაფერი აღუდგება.
ეს დირექტივები კი, მათ შორის, მიწისა და სხვა უძრავი ქონების, ასევე ენერგეტიკული და სხვა სტრატეგიული ობიექტების უცხოელებზე მიყიდვას მოიცავს, რაც დღემდე აფხაზური კანონმდებლობით იკრძალებოდა და აფხაზური მხარისთვის, რუსული პრესინგის მიუზედავად, პრინციპულად დასაცავ საკითხად რჩებოდა.