
ბახტაძე ადასტურებს, რომ მის გადადგომაზე საუბარი გაზაფხულის ბოლოს დაიწყო
02/09/2019 11:45:27 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრები გაზაფხულის ბოლოდან დაიწყო, თუმცა მაშინ შესაბამის კითხვებს ის ჭორებს უწოდებდა.
მისი თქმით, ამ საკითხზე გაზაფხულის ბოლოს ჰქონდა საუბარი მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან.
"გრძელდებოდა ეს საუბრები. გუშინ საბოლოო კონსულტაცია მქონდა პოლიტიკურ გუნდთან და მიიღე გადაწყვეტილება",– განაცხადა ბახტაძემ ტელეწამყვანებთან სეხვედრაზე, რომელსაც ბეჭდური მედიის წარმომადგენლები მიწვეულნი არ არიან. შეხვედრაზე არ მიუწვევიათ ტელეკომპანია "კავკასიის" წარმომადგენელიც.
რაც შეეხება გადადგომის მიზეზს, ბახტაძე ირწმუნება, რომ მიზანი, რომელიც მისი პრემიერად წარდგენის მოტივი იყო, მიღწეულია.