
უკრაინაში ოფიციალურად გაფორმდა ლონდონ–ვარშავა–კიევის ალიანსი
17/02/2022 16:44:09 ევროპა
უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დიმიტრო კულებამ და ლიზ ტრასმა 17 თებერვალს ოფიციალურად გამოაცხადეს, პოლონეთის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ამოქმედება.
კულებას თქმით, ალიანსის მხარეები ყურადღებას გაამახვილებენ ეკონომიკურ, სავაჭრო და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაგეგმილია ყირიმის პლატფორმის მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანი გაერთიანებული სამეფოს მხრიდან უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა.
"ძალიან გაოცებული ვარ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიუხედავად, კიევში ცხოვრება გრძელდება. გაოცებული ვარ უკრაინელი ხალხის სიმტკიცით,"- განაცხადა ლიზ ტრასმა.
როგორც სამი ქვეყნს ერთობლივგანცხადებაში ვკითხულობთ, ისინი ითანამშრომლობენ კიბერუსაფრთხოების, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე და გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე:
"გაერთანებული სამეფო, პოლონეთი და უკრაინა ქმნიან ისტორიულ კავშირს, რაც აგებულია საერთო ღირებულებებსა და საერთო ერთგულებაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ, აგრესორის წინააღმდეგ დგომის საერთო ისტორიაზე, რომელიც ევროპაში თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.
ჩვენ ვიმეორებთ, რომ ყველა ევროპული სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს, ან შეცვალოს მისი უსაფრთხოების საკითხების მოწყობა, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებებით და არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ევროპის რომელიმე ნაწილი თავისი გავლენის სფეროდ განიხილოს.
ჩვენი სამი სახელმწიფო გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას, რათა დაიცვას უკრაინაში სტაბილურობა და შექმნას მედეგობა; ასევე, გააძლიეროს დემოკრატია აღმოსავლეთ ევროპის საზღვარზე.
ამ მიზნით, ჩვენ შევთანხმდით სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავებაზე. ეს წარმოაჩენს ჩვენს ერთგულებას, უფრო მეტად გაძლიერდეს სტრატეგიული თანამშრომლობა და ჩართულობა სამ ერს შორის უკრაინის მხარდამჭერ პრიორიტეტულ საკითხებზე.
ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მხარდაჭერაზე კოორდინაციით.
ასევე, გავზრდით თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოებაზე, ენერგოუსაფრთხოებაზე და სტრატეგიულ კომუნიკაციებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე და დადგებიან უკრაინელების გვერდით უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია ერთობლივ განცხადებაში.