
ლუგანსკში გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს
18/02/2022 14:28:15 ევროპა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის რეგიონში გამშვებ პუნქტ Щастя-ს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის დროს ადგილზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ჰუმანიტარული დახმარების მანქანების კოლონა იმყოფებოდა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი.
მისივე ცნობით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) ჰუმანიტარული დახმარება ლუგანსკიში მყოფი დევნილებისთვის ჩაიტანა და უკან ბრუნდებოდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალებმა გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს.
„დღეს დაახლოებით 12 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს ლუგანსკის რეგიონში Щастя-ს გამშვებ პუნქტთან, სადაც ამ დროს გაეროს დევნილთა სააგენტოს ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ამოწმებდნენ, ისინი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან ბრუნდებოდნენ“ - წერს მთავარსარდალი სოციალურ ქსელში.
მისი ცნობით, თავდასხმისას გამოყენეს: ფართოკალიბრიანი ავტომატური იარაღი (დაახლოებით 50 გასროლა). 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნი Mortar (3 გასროლა), AGS-17 ტყვიამფრქვევი (10 გასროლა).
ზალუჟნის ინფორმაციით, კოლონიდან 4-მა მანქანამ გამშვები პუნქტი გაიარა და უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა. მგზავრები კი ახლომდებარე თავშესაფარში გადაიყვანეს, ხოლო 8 მანქანა კვლავ გამშვებ პუნქტთან რჩება.
მთავარსარდალმა ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევას შეიარაღებულ ძალებსა და მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი არ მოჰყოლია და უკრაინის გაერთიანებული ძალები ყველაფერს აკეთებენ მოქალაქეების დასაცავად.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ფაქტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მინსკის შეთანხმების მორიგი უხეში დარღვევაა.“ - აღნიშნავს უკრაინის არმიის მთავარსარდალი.