Accentnews.ge
კადიროვის “ჯაშუშური ქსელის” კრახი. თურქეთში დაკავებულ ჩეჩნებს გრძელვადიანი პატიმრობა ემუქრებათ

კადიროვის “ჯაშუშური ქსელის” კრახი. თურქეთში დაკავებულ ჩეჩნებს გრძელვადიანი პატიმრობა ემუქრებათ

18/02/2022 18:11:27 კავკასია

თურქეთში სასამართლოს გადაეცა საქმე, რომელიც ქვეყანაში მცხოვრებ ჩეჩენ ოპოზიციონერებზე თავდასხმების მზადებას უკავშირდება. პროკურატურა ბრალდებულთათვის პატიმრობის მაქსიმალურ ვადებს ითხოვს.

2021 წლის ოქტომბერში თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ (MIT) და სტამბოლის ტერორიზთან ბრძოლის სამმართველომ სპეცოპერაციის შედეგად 6 უცხოელი დააკავეს. მათ პოლიტიკურ ან სამხედრო ჯაშუშობასა და თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერების მიმართ შეიარაღებული ქმედებების მზადებაში ედებათ ბრალი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეჭვმიტანილები – რუსეთის 4 მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩნები აბდულა აბდულაევი, რავშან ახმედოვი, ბესლან რასაევი და ისლანბეკ აბდულმუსლიმოვი, ასევე უკრაინის მოქალაქე იგორ ეფრიმი და უზბეკეთის მოქალაქე ამირ იუსუპოვი 2021 წლის 20 ოქტომბერს საპატიმროში გადაიყვანეს. აბდულაევის სახლში ჩატარებული ჩხკრეკისას ამოიღეს არალიცენზირებული პისტოლეტი ლაზერული სამიზნითა და მაყუჩით.

გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში ანტალიაში დაკავებული ხამზატ დოკუევი და ბადრუდინ კიმაევი თანამშრომლობდნენ ბესლან რასაევთან, რომელსაც ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლების შესახებ მონაცემებით ამარაგებდნენ. ამგვარად საქმეში, რომელსაც თურქული მედია “ჯაშუშურ სკანდალად” მოიხსენიებს, უკვე 8 ფიგურანტია.

2022 წლის თებერვალში სტამბოლის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველომ და გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაასრულეს. პოლიტიკური ან სამხედრო ჯაშუშობა, იარაღის უკანონო შენახვა, ოფიციალური საბუთების გაყალბება – ეს მხოლოდ სამია წაყენებული ბრალდებების გრძელი სიის პუნქტებიდან. პროკურატურამ დაკავებულთათვის 17-დან 33 წლამდე ვადით პატიმრობა მოითხოვა.

ინსტრუქციების მიხედვით

25-გვერდიან საბრალდებო აქტში ხაზგასმულია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული – ბესლან რასაევი იმ ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებდა, რომელთაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ჩეჩნეთის წარმომადგენლის – დეპუტატ ადამ დელიმხანოვისგან იღებდა, ეს უკანასკნელი კი ყველაფერთან ერთად, ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის – რამზან კადიროვის ნათესავი გახლავთ და ასევე ენათესავება კრიმინალურ ავტორიტეტ კაზბეკ დუკუზოვს, რომელიც რამდენიმე მკვლელობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული.

კადიროვთან დაახლოებული დელიმხანოვი და დუკუზოვი უცხოეთში ჩეჩენი დისიდენტების წინააღმდეგ ჩადენილ მრავალ მძიმე დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები. ითვლება, რომ დუკუზოვს კავშირი აქვს ამერიკელ ჟურნალისტ პოლ ხლებნიკოვის მკვლელობასთან, რომელიც 2004 წელს მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს, ასევე 2020 წელს ვენაში ჩეჩენ დისიდენტ მამეხან უმაროვის ლიკვიდაციასთან და ქართველ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის მცდელობასთან. გარდა ამისა, დელიმხანოვი ეჭვმიტანილია ჩეჩენ საველე მათაურ სულიმ იამადაევისა და კადიროვის ყოფილი მცველის – შემდგომში მისი რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი უმარ ისრაილოვის მკვლელობების მზადებაში.

სავარაუდოდ დელიმხანოვისა და დუკუზოვის დაკვეთით ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც რასაევი ედგა სათავეში, ბიზნესის საფარქვეშ ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდა და თურქეთის ჩეჩნური დიასპორტის წარმომადგენლებს უთვალთვალებდა. ბრალდებულებმა არაერთხელ დაარღვიეს პირადი ცხოვრების საიდუმლოება, აგროვებდნენ ინფორმაციასა და საბუთებს დისიდენტების ფიზიკური განადგურებისთვის,- ნათქვამია საგამოძიებო მასალებში.

საბრალდებო დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქული სპეცსამსახურების ყურადღება მიიპყრო ტელეგრამ-არხმა Security Turkey, რომელიც 2021 წლის აგვისტოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა კადიროველი ძალოვანების ქმედებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ჩამოაყალიბეს. 2021 წლის სექტემბერში Кавказ.Реалии-სთვის მიცემულ ინტერვიუში არხის ერთ-ერთმა მოდერატორმა სტამბოლში მცხოვრები ოპოზიციონერი ჩეჩენი ბლოგერის – ხასან ხალითოვის მკვლელობის მზადების შესახებ განაცხადა.

მალევე მას შემდეგ, რაც თურქეთში დაკავებების შესახებ გახდა ცნობილი, მაგრამ მანამდე, სანამ ეჭვმიტანილთა გვარ-სახელები განსაჯაროვდებოდა, ხალითოვმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი დაკავებული სახელად ბესლანი ხალხს ფულს სთავაზობდა მის შესახებ ინფორმაციისთვის და მასზე თავდასხმას გემავდა. "ვიცი, რომ ბესლანი ჰქვია, მეორე სახელად - იზნაური", – განაცხადა მაშინ ხალითოვმა.

"რასაევს თურქეთში ჩამოსვლამდე ვიცნობდი, ვასანბეკ ბოკოვმა გამაცნო, რომელიც ამჟამად საქართველოში გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის მცდელობისთვის იხდის სასჯელს. სტამბოლში გადმობარგებიდან გარკვეული დროის შემდეგ მომივიდა ინფორმაცია, რომ რასაევს ჩემი მისამართი აინტერესებდა. მაცნობეს ასევე, რომ ის მუდმივ კონტაქტზე იყო დუკუზოვთან, რომელსაც პირადად ჩემთან აქვს პრეტენზიები", – განაცხადა მაშინ ხალითოვმა.

ბლოგერის განმარტებით, ტოტალური კონტროლის მიუხედავად, ჩეჩნეთში არსებობენ არაგულგრილი ადამიანები, რომლებიც აგზავნიან სიგნალებს, გაფრთხილებებს – ან პიდაპირ, ან შუამავლების მეშვეობით. ხალითოვმა ასევე აღნიშნა, რომ მისი პირადი წყაროებიდან იცის “ჯაშუშური სკანდალის” გარკვეული დეტალების შესახებ, რომლებიც მედიაში არ გამოქვეყნებულა.

"რასაევმა დელიმხანოვთან მიმოწერის სქრინშოთები შეინახა, რომლებიც თურქულ გამოძიებას ჩაუვარდა ხელში და მათი ურთიერთკავშირის ერთ-ერთ ტკიცებულებად იქცა. ამ დროისთვის კადიროვი და მისი გარემოცვა ძალზე უკმაყოფილები არიან რასაევით და იმით, როგორ ჩააგდო მან ოპერაცია", – ამბობს ხალითოვი.

"ანკარა გრძნობს რუსეთის დასუსტებას"

თურქულმა სპეცსამსახურებმა დაპატიმრებულთა კადიროვის გარემოცვასთან კავშირის შესახებ საჯაროდ გამოაცხადეს. თურქულმა მედიამ “ჯაშუშური სკანდალის” შესახებ ინფორმაცია ფართოდ გაავრცელა, პროკურორმა კი მაქსიმალური საპატიმრო ვადები მოითხოვა მათთვის, ვისაც გაზეთი Sabah საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით “რუსეთის ოპერმუშაკებად” მოიხსენიებს. ბოლო დროს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები თითქოს გაწონასწორდა, მხარეები აქტიურად თანამშრომლობდნენ როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კუთხით. მაშ რა შეიცვალა და რატომ გაიტანა ანკარამ მსგავსი ისტორია საჯარო სივრცეში, როცა ადრე სულ სხვა პოლიტიკას ატარებდა?

"ეს ჯაშუშური სკანდალი მართლაც მნიშვნელოვანი ამბავია. თუ 2000-იანების დასაწყისში თურქეთი რუსეთთან მიმართებაში უმცროს პარტნიორად პოზიციონირებდა, ახლა პირიქით, პატრონირებს, გრძნობს რა თავს გაცილებით უფრო მყარად როგორც პოლიტიკური, ისე გეოპოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზირისით და ღიადაც აჩვენებს თავის უპირატესობას. რუსეთის მოქალაქეების ხმაურიანი დაკავებები და მოსალოდნელი ხანგრძლივი პატიმრობა – ეს ყველაფერი პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რო ანკარა გრძნობს რუსეთის დასუსტებას და ძალზე სერიოზულ მონიტორინგს გაუწევს პროცესებს, რომელიც კავკასიას უკავშირდება", – განუცხადა “Кавказ.Реалии”-ს ჩეჩენმა პოლიტოლოგმა რუსლან კუტაევმა.

მისი თურქი კოლეგა მოჰმად ახიადოვი კი ანკარის ქცევას განიხილავს წინააღმდეგობად თურქეთის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევისთვის.

"არცთუ დიდი ხნის წინ თურქეთის დღის წესრიგში ყირიმის საკითხი დადგა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თუ ანკარა ამ საკითხის “კაწრვას” გააგრძელებდა, რუსეთს შეეძლო, თურქეთის ეთნიკური (ქურთთა) საკითხი წამოეწია. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ქურთების მუშათა პარტიის წარმომადგენლები მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღეს. ანკარის მიმართ მოსკოვის მსგავსი პროვოკაციული მოქმედების გათვალისწინებით, ადვილი გასაგები ხდება პოლიტიკა, რომელიც თურქეთმა ამ ჯაშუშური სკანდალის დროს გაატარა", – აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ახიადოვის აზრით, ეს არაა უბრალოდ გარჩევები კადიროვის ადმინისტრაციასა და მის ჩეჩენ მოწინააღმდეგეებს შორის, აქ არაერთი სხვა ასპექტიცაა, მაგალითად, თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები და ყირიმის ირგვლივ ვითარება.

"სარკისებრი ზომები" თუ "პოლიტიკური ხიჭვები"?

"ქურთების კარტის" გათამაშება რამზან კადიროვმა მაშინვე სცადა, როგორც კი ცნობილი გახდა თურქეთში რუსეთის ჩეჩნური წარმომავლობის მოქალაქეების დაკავების შესახებ. მან აღშფოთება გამოხატა თურქულ ქალაქ კორფეზში რუსეთისგან ჩეჩნეთის გამოყოფის მხარდამჭერი მოძრაობის ლიდერის - ჯოხარ დუდაევის სახელობის პარკის გახსნის გამო და დაიმუქრა “სარკისებრი ზომებით” – გროზნოში ქურთების მუშათა პარტიის (თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული) ლიდერის – სამუდამო პატიმრობამისჯილი აბდულა ოჯალანის ძეგლის დადგმით.

"კადიროვის მხრიდან ოჯალანისა და დუდაევის ერთ კატეგორიას მიკუთვნება უსამართლობაა. პირველი ტერორისტია, რომლის ბრალეულობით თურქეთში 40 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე – ლიდერი, რომელიც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ხალხის ფართო მხარდაჭერა გააჩნდა. რამზან კადიროვი ოფიციალურად ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალ რესპუბლიკას, ის მამამისის მემკვიდრეა, ძალაუფლება ჩეჩნეთში პუტინის წყალობით გააჩნია და ვფიქრობ, თურქეთის მისამართით კადიროვის გამოხტომებიც არაოფიციალურად მხარდაჭერილი იყო რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ", – თვლის სტამბოლის ქოჯაელის უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ირფან კაია ულგერი.

“ჯაშუშურ სკანდალზე” რუსეთის მთელი რეაქცია შემოიფარგლა მარია ზახაროვას განცხადებით: "რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება თურქეთში რუსეთის პასპორტების მქონე უცხოელების დაკავებასთან დაკავშირებულ ვითარებას".

"კრემლი არ აღიარებს და არც სამომავლოდ აღიარებს ამ აგენტების რუსეთთან კავშირს. არსობრივად, პუბლიკა ამას თავად ჩეჩნებს შორის კონფლიქტად აღიქვამს. მოსკოვისთვის ძალზე ხელსაყრელია, თავი მოიკატუნოს, თითქოს ეს მხოლოდ “კადიროვისა და ოპოზიციის ბრძოლაა", – ამბობს ანალიტიკოსი მოჰმად ახიადოვი.

მისივე აზრით, თურქეთში რუსული აგენტურის დაკავების გამო მოსკოვისგან მასობრივი შურისძიება ნაკლებადაა მოსალოდნელი და მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც კრემლს შეუძლია, ეს მოსკოვში ქურთების მუშათა პარტიის მორიგი დელეგაციის მიღებაა ანკარისთვის “პოლიტიკური ხიჭვის შესარჭობად".

"რაც შეეხება კადიროვს, მართალია, ის ჩეჩნეთში ოჯალანის ძეგლის დადგმით “იმუქრება”, მაგრამ რეალურად, ამის თავადაც არ სჯერა. გარდა ამისა, ეჭვი მეპარება, ამ მოვლენებამდე მას საერთოდ სცოდნოდა ოჯალანის შესახებ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი ცდილობს, თურქეთს კრემლის კარნახით წაკბინოს. არსობრივად, სხვა კოზირები ხელთ არ გააჩნია. მაგრამ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი თურქეთის მიმართ, რომელსაც ყოველთვის აქებდა? მიზეზი მარტივია. კადიროვი ძალიან ნაწყენია თურქეთზე, უფრო ზუსტად, თურქეთის ადმინისტრაციაზე. ანკარის გრილი დამოკიდებულება აფიქრებინებს, რომ თურქეთი ჩეჩენ დისიდენტებთან ერთ მხარესაა", – დარწმუნებულია ახიადოვი.

მისივე თქმით, "კადიროვი, რომლისთვისაც ცნობილია მუსლიმურ სამყაროში ერდოღანის ავტორიტეტი, დიდი ხნის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა მასთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას, ხოლო “ოჯალანის კარტის” გათამაშების შემდეგ საერთოდ დაკარგა ამის ყოველგვარი შესაძლებლობა, რადგან ოჯალანი ერდოღანისთვის “წითელი ხაზია”.

ახიადოვის აზრით, ის რომ თურქული პროკურატურა რუსეთის სავარაუდო აგენტებისთვის მკაცრ სასჯელს ითხოვს, ანკარა-კრემლის ურთიერთობების დონეზე მიუთითებს.

"მიუხედავად იმისა, რომ თურქულმა სპეცსამსახურებმა, დაზვერვამ კარგად იმუშავეს და ყველა ესბანდიტი დაკავებულია, თავს უსაფრთხოდ წუთითაც ვერ ვრძნობ, რადგან კადიროვს მრავლად ჰყავს თავისი “ქვეითი” და კვლავნდებურად აქვს ბევრი ფული", – ამბობს ხასან ხალითოვი.

მისივე აზრით, კადიროვი მისი რეჟიმის ოპონენტებს არასოდეს მოასვენებს.

"სანამ ცოცხალია და ძალაუფლებას არ ჩამოართმევენ, თავს არ დაგვანებებს. ამიტომაც უნდა დავიცვათ შეძლებისდაგვარად თავი, გავერთიანდეთ, ვცვლიდეთ ინფორმაციას და ვიპყრობდეთ საზოგადოების ყურადღებას – მხოლოდ ასე შეგვიძლია, კადიროვის სადამსჯელო მექანიზმს წინააღმდეგობა გავუწიოთ", – ასკვნის ოპოზიციონერი ბლოგერი.

რასაევის ჯგუფის დაპატიმრებისთანავე თურქეთის ხელისუფლებამ ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S