
აღმოსავლეთ ევროპაში ნატო–ს სამხედრო აქტივობების შეწყვეტაზე რუსეთის მოთხოვნების მიუხედავად, "ნატო-საქართველოს წვრთნები 2022" გეგმის მიხედვით ჩატარდება
18/02/2022 19:24:55 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა
აღმოსავლეთ ევროპაში ნატო–ს სამხედრო აქტივობების შეწყვეტის თაობაზე რუსეთის მოთხოვნების მიუხედავად, "ნატო-საქართველოს წვრთნები 2022" გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში ჩატარდება.
ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთობლივი წვრთნების გამართვა დაადასტურა, თუმცა მისი ბრიფინგიდან რამდენიმე საათში გამოქვეყნდა ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთის პასუხი, რომელშიც მოსკოვი აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის არგაფართოებასა და აღმოსავლეთ ევროპაში ნატო–ს სამხედრო აქტივობის, მათ შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნების შეწყვეტას მოითხოვს.
"აქცენტი" დაინტერესდა, იგეგმებოდა თუ არა რაიმე ცვლილების შეტანა უკვე დაანონსებულ "ნატო-საქართველოს წვრთნები 2022"–ში და ორგანიზაციას შესაბამისი კითხვით მიმართა.
ნატო–ს მიერ "აქცენტისთვის" გამოგზავნილ წერილობით პასუხში ნატო მარტში დაგეგმილი წვრთნების გამართვას ადასტურებს და საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების მიზნებსა და შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას:
"ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა მოიცავს, მათ შორის, "ნატო-ს სარდლობის სტრუქტურასთან" (NCS) ერთად მუშაობას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ალიანსთან თავსებადობის გასაძლიერებლად. ამ თანამშრომლობის წყალობით, რომელიც წლების განმავლობაში "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" (SNGP) მეშვეობით კიდევ უფრო გაძლიერდა, საქართველოს თავდაცვის ძალები ახლა უფრო თავდაცვისუნარიანია და ალიანსთან თავსებადი, ვიდრე ოდესმე. "ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრი" (JFTC) 2016 წლიდან ამ კუთხით მხარდაჭერას უწევს "ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს" (JTEC). JTEC უზრუნველყოფს ქართული და საერთაშორისო ძალების წვრთნასა და შეფასებას, რისი მიზანიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატო–სთან თავსებადობის გაზრდა და რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობაა. JFTC "ნატო–ს სახმელეთო სარდლობის შტაბთან" ერთად მხარს უჭერს JTEC-ს ნატო-საქართველოს წვრთნების მომზადებასა და ჩატარებაში. "ნატო-საქართველოს წვრთნები 2022" წარმოადგენს შესაძლებლობას, ალიანსის მოკავშირეებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა თავისი გამოცდილება, ცოდნა, უნარები გაუზიარონ ქართულ თავდაცვის ძალებს, რათა მათ კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი სამეთაურო და კონტროლის შესაძლებლობები, ასევე უნარი, ეფექტურად იმოქმედონ ნატო–ს სხვა წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების ძალებთან ერთად. სწავლება ასევე უზრუნველყოფს პლატფორმას საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების შესამოწმებლად და კონსოლიდაციისთვის, რათა ქართულმა ძალებმა შეძლონ კრიზისის მართვის ამოცანების შესრულება ყოვლისმომცველი მიდგომის მეშვეობით, რომელიც მრავალ სამოქალაქო და სამხედრო აქტორთან, მათ შორის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ეფუძნება. საუბარია კრიზისზე რეაგირების გეგმიურ მრავალეროვნულ წვრთნებზე, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება. "ნატო-საქართველოს წვრთნები 2022" ტარდება გამჭვირვალედ, ნატო–ს სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ალიანსის პროცედურების შესაბამისად და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით. მარტისათვის დაგეგმილის გარდა, წელს ნატო-საქართველოს სხვა წვრთნების ჩატარებას არ ვგეგმავთ".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021