
ურსულა ფონ დერ ლაიენი: "რუსეთმა შესაძლოა, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე წვდომა დაკარგოს"
21/02/2022 06:52:18 ევროპა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სანქციათა ნაწილზე საუბრობს, რაც, შესაძლოა, რუსეთს დაუწესდეს, მისი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. ერთ-ერთ ასეთია რუსეთისთვის საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და მნიშვნელოვან საექსპორტო საქონელზე წვდომის შეწყვეტა.
ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი მოწყვეტილი იქნება საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს და ვერ შეძლებს ძირითად საექსპორტო საქონელზე წვდომას.
”რუსეთი ძირითადად მოწყვეტილი იქნება საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს, სანქციები დაწესდება ყველა საქონელზე, რომლებიც რუსეთს სასწრაფოდ ესაჭიროება თავისი ეკონომიკის მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციისთვის და რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ... არ არსებობს მათი შემცვლელი“, - აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მისი თქმით, რუსეთის სისუსტეა მისი დამოკიდებულება წიაღისეული საწვავის ექსპორტზე. ის შეადგენს რუსეთის ექსპორტის ორ მესამედს და რუსეთის ბიუჯეტის ნახევარს. მსგავსი შეზღუდვები რუსეთს მოდერნიზაციის საშუალებას გაუქრობს.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას რუსეთისთვის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებასთან დაკავშირებით და თქვა რომ „რუსეთს დიპლომატიისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შანსი“ უნდა მიეცეს და „ეს ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა“.