
ბაიდენმა ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული რეგიონებისთვის სანქციებს მოაწერა ხელი
22/02/2022 05:45:12 ევროპა, მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ განსაზღავრულ სანქციების განკარულებას ხელი მოაწერა.
თეთრი სახლის ცნობით, ხელმოწერილი განკარგულება კრძალავს ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ აშშ-ის მოქალაქეების მიერ ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს:
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, პრეზიდენტ პუტინის ქმედების საპასუხოდ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებელ" სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. პრეზიდენტ პუტინის ქმედება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ეს განკარგულება განსხვავდება იმ სწრაფი და მკაცრი ეკონომიკური ზომებისგან, რომლებსაც აშშ მოკავშირეებთან ერთად მიიღებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ:
„ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების თაობაზე და მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ“.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, "მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია.
"ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.
მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.
პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისიხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“
რუსეთს ოკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯარი შეყავს.