Accentnews.ge
განაპოლსკი: „პუტინის გადაწყვეტილებამ დასავლეთს „ხელები გაუხსნა“

განაპოლსკი: „პუტინის გადაწყვეტილებამ დასავლეთს „ხელები გაუხსნა“

22/02/2022 10:54:46 კომენტარი

უკრაინაში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი ეხმიანება ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, უკრაინის რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების თაობაზე და ამბობს, რომ ვითარება რაოდენ საწინააღმდეგო შთაბეჭდილებასაც არ უნდა ტოვებდეს, სადღეისოდ კრემლის ლიდერი წამგებიან, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი მომგებიან პოზიციაში აყენებს.

განაპოლსკი საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • „პუტინმა მიიღო ტერიტორიები, რომელთაც ისედაც თავად აკონტროლებდა, იქ იყო რუსული იარაღი, იმყოფებოდნენ გადაცმული რუსი სამხედროები და ა.შ.
  • პუტინის გადაწყვეტილებამ დასავლეთს „ხელები გაუხსნა“.

„მართალია, მიუნხენში პუტინი არ ყოფილა, მაგრამ გუშინდელი გამოსვლა „მიუნხენის სიტყვა“ იყო: მან ისაუბრა მსოფლიოს შესახებ საკუთარ ხედვაზე, რაც კარდინალურად განსხვავდება დანარჩენი ქვეყნების ხედვისგან. ლუგანსკი და დონბასი შესაძლოა აღიარონ მათ – ნაურუმ, აფხაზეთმა და ა.შ., რომლებიც რუსული ფულით ცხოვრობენ.

ამდენად, დასავლეთს „ხელები გახსნილი“ აქვს. პრეზიდენტმა ბაიდენმა საკუთარ გამოსვლაში თქვა, რომ რუსი სამხედროს ნაბიჯი უკრაინის ტერიტორიაზე, იქნება აგრესია და ეს იქნება ნაბიჯი სრულმასშტაბიანი სანქციებისკენ. სწორედ ეს მოხდა გუშინ: შეგახსენებთ, რომ მინსკის შეთანხმების ფარგლებში რუსეთი დონეცკსა და ლუგანსკს აღიარებდა უკრაინის ტერიტორიებად, თუმცა მყისიერად შეიცვალა დამოკიდებულება და იქ რუსი სამხედროები შევიდნენ. ეს ნიშნავს აგრესიას, შეჭრას – როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ – სწორედ იმას, რაც დასავლეთს „ხელს უხსნის“, ხოლო როგორ გამოიყენებს, ერთად გავიგებთ“.

განაპოლსკის ანალიზის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტს არ აქვს საჭიროება, დასავლეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესების თხოვნით მიმართოს, რადგან პუტინმა საკუთარი ქცევით, სწორედ რომ კოლექტიურ დასავლეთს „გააწნა სილა“:

„ახლა კი იწყება ისტორია, რომელსაც ვუწოდებდი, „აი, დიდი ბიჭებიც მოვიდნენ“: ეს უკვე ბაიდენის, ერთიანი ევროპის „თამაშია“ და ვიტყოდი, რომ გამიკვირდება, გავოცდები, განვცვიფრდები, თუ ეს ამბავი „ჩრდილოეთ ნაკადის“ დასასრული არ აღმოჩნდება. უბრალოდ არ მჯერა, რომ გერმანია ამას მოითმენს. ამბობენ ხოლმე „გერმანია ვერ შეძლებსო“ და ა.შ. პირველი, გერმანია ყველაფერს შეძლებს ისევე, როგორც აშშ –ძლიერი ქვეყნები თავს გაართმევენ. მეორე– „ჩრდილოეთის ნაკად 2“–ს ორი ონკანი აქვს: ერთი რუსეთის მხრიდან, მეორეც – დასავლეთის. პუტინმა ამის შემდეგ რომც არაფერი ჩაიდინოს, „ჩრდილოეთ კანადის“ სამუდამოდ დახურვის გარდა სხვა ვარიანტს უბრალოდ ვერ ვხედავ. ამდენად, ეზოში „დიდი ბიჭები“ შემოვიდნენ, სარკეში საკუთარ ლოყებზე პუტინის ხუთი თითის კვალს ხედავენ და ვფიქრობ, უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე ვიხილავთ დასავლეთის კოორდინირებულ პოზიციას“.

"უკრაინა სერიოზულად პირველად დაფიქრდა ბირთვული იარაღის აღდგენაზე, მას „დაწყევლიან“, მაგრამ უკაცრავად..."

განაპოლსკის ხედვით, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, შექმნილ ვითარებაში უკრაინა ყველაზე უფრო მომგებიან მდგომარეობაშია:

  • "ის, რაზეც უკრაინა საუბრობდა (რუსულ აგრესიაზე, დონეცკსა და ლუგანსკში რუსი სამხედროების ყოფნაზე), საერთაშორისო საზოგადოებისთვის ფაქტი გახდა;
  • ქრება მინსკის კოშმარული პროცესი, რომელსაც ხელი მოეწერა მაშინ, როდესაც უკრაინას შეიარაღებული ძალები არ ჰყავდა, ახლა კი ბრძოლისუნარიანი არმია ჰყავს;
  • კიევმა მიიღო დასავლეთის სამხედრო დახმარება.

შექმნილმა ვითარებამ დასავლეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, მას მოუწევს უკრაინის ბედზე ჩამოყალიბება, რადგან არ იცის პუტინის გეგმები. შესაძლოა, ის მართლაც გეგმავს კიევზე წასვლას და ა.შ. ამდენად, დასავლეთის და უკრაინის ურთიერთობებში ჩამოყალიბება მოუწევთ. შესაძლოა, ეს იყოს აშშ–სთან განსაკუთრებული შეთანხმება ან უფრო დიდი ნაბიჯი. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიმართულებით ხელები გახსნილია. პუტინი ვერ მიიღებს დასავლეთის უარს უკრაინასთან დაახლოებაზე“.

კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც განაპოლსკი ამახვილებს ყურადღებას, მიუნხენში ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლაა, როდესაც მან ბუდაპეშტის მემორანდუმი და უკრაინის მიერ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა გაიხსენა:

„პუტინმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ზელენსკის მთავარ რეპლიკაზე. ზელენსკიმ მიუნხენში სამართლიანად დასვა კითხვა „არსებობს ევროპული ქვეყანა, სახელწოდებით უკრაინა, არსებობს აგრესორი, რომელსაც უკრაინის განადგურება სურს. რა მექანიზმები აქვთ დასავლეთს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ აგრესორის შესაჩერებლად?“. აქ ზელენსკი მართალია: ჩვენ ხომ არ ვიცთ, რას გააკეთებს პუტინი? იქნებ ის კიდევ უფრო შორს წავიდეს – ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, პარიზზე... გუშინდელი გამოსვლაში დავინახე, რომ ეს ბიჭი ბევრზეა წამსვლელი.

პუტინმა დაადასტურა, რომ უკრაინა მაღალტექნოლოგიური ქვეყანაა და რომ მას ბირთვული იარაღის შექმნა შეუძლია. აი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია: უკრაინა ხედავს, რომ დასავლეთი ვერ ჩამოყალიბდა მესამე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რომელიც არ არის ნატო–ს წევრი და დაცვას ითხოვს, რომ მის ტერიტორიაზე ნატო–ს სამხედროებს არ მოუწიოთ ბრძოლა. ეს არის ახალი რეალობა, რომელსაც რაღაც უნდა მოუხერხო. ამიტომ, უკრაინა სერიოზულად პირველად დაფიქრდა ბირთვული იარაღის აღდგენაზე. დიახ, ეს იქნება რთული გზა, მას „დაწყევლიან“, რადგან შესაბამისი შეთანხმებებიდან გამოსვლა მოუწევს, მაგრამ უკაცრავად, საკუთარი ქვეყნის გადარჩენა, როდესაც საერთაშორისო დაცვის მექანიზმი აბსოლუტურად უმოქმედოა, მნიშვნელოვანი საკითხია. უკრაინელებს არ სურთ სიკვდილი იმის გამო, რომ დასავლეთი არ მოქმედებს“.

„პუტინი „ყირიმის“ სცენარს ათამაშებს“

განაპოლსკი დარწმუნებულია, რომ პუტინს მომდევნო არჩევნებზე სახალხო ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა სჭირდება და ამჟამად ყირიმის სცენარის გათამაშების პროცესშია, მოსწონს რა ხალხს, როდესაც რუსეთის საზღვრები იზრდება:

„გარანტიას გაძლევთ, რომ 2024 წელს, პუტინის ხელმეორედ არჩევამდე ორიოდე თვით ადრე დონეცკის და ლუგანსის საზოგადოება პუტინს ამ ტერიტორიების მიერთების „თხოვნით“ მიმართავენ, პუტინი რეფერენდუმს ჩაატარებს... რუს ხალხს მოსწონს, როდესაც რუსეთი ფარგლები იზრდება და მით უმეტეს, თუ ეს მსხვერპლის გარეშე ხდება. და ვინ იცის, შესაძლოა ასევე იყოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც... ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი ქვეყნის „კარტი“ პუტინისთვის ყველაზე მთავარია და გარწმუნებთ, როდესაც იგრძნობს, რომ დაბერდა და უნდა წავიდეს, ის რუსებს მემკვიდრეობის სახით დაუტოვებს არა მხოლოდ დიდ, უდიდეს, უკანონო, აბსოლუტურად არალეგიტიმურ რუსეთის ფედერაციას მითვისებული ტერიტორიებით. ამას გააკეთებს და ის თავისებურად მართალია, მოსკოვის ცენტრში მისი ძეგლი ხომ უნდა იდგეს?!“.

რაც შეეხება მოსალოდნელ სანქციებს, ის დარწმუნებულია, რომ ეს პუტინის ძალაუფლების ჩამოშლას ან მასობრივ საპროტესტო ტალღას გამოიწვევს:

„ეს დასასრულის დასაწყისი ან შუა ეტაპია. რუსეთი არ მოკვდება, არ დაიშლება, რადგან დასაშლელი არც არაფერია, რუსეთის რიგითი მოქალაქეების ცხოვრება კი გართულდება. ისინი ქუჩაში არ გამოვლენ, რადგან არ სურთ ნავალნისთან ერთად ერთად ციხეში ჯდომა, მაგრამ თავიანთი ლიდერის მიმართ „მადლიერების“განცდა უნდა ჰქონდეთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S