
პესკოვი: "მინსკის შეთანხმება დღის წესრიგში აღარ დგას"
22/02/2022 12:30:48 ევროპა, მსოფლიო
კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი პრიორიტეტული ხდება, ხოლო მინსკის შეთანხმების აღსრულება დღის წესრიგში აღარ დგას.
როგორც პესკოვმა თქვა, ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვა დღის წესრიგის კონკრეტულ წინადადებებზე იქნება დამოკიდებული.
"დიახ, ეს ნამდვილად ასეა", - უპასუხა პესკოვმა კითხვას იმის შესახებ, მინსკის შეთანხმების თემა დღის წესრიგში აღარ დგას.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ რუსეთი ღიაა დიპლომატიური ურთიერთობებისთვის და დაინტერესებულია ამაში.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა უკრაინის რეგიონები დონეცკი და ლუგანსკი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარა.
ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მზადაა, სანქციები დააწესოს, ხოლო გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"–ის სერთიფიცირება შეჩერდება.