
რა სანქციებს აწესებს ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ
22/02/2022 12:58:02 ევროპა
ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკს სანქციები დაუწესა.
თემტა პალატის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ სანქციები დაუწესდებათ შემდეგ ბანკებს: "როსია", "IS–ბანკი", "გენერალური ბანკი", "პრომსვიაზბანკი" და "შავი ზღვის ბანკი".
სანქციები ასევე შეეხება 3 პირს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. მათ აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში ჩასვლა, გაიყინებათ აქტივები, რომლებსაც ამ ქვეყანაში ფლობენ, დიდი ბრიტანეთის ყველა მოქალაქეს აეკრძალება მათთან თანამშრომლობა.
ბორის ჯონსონის თქმით, ეს რუსეთისთვის განკუთვნილი სანქციების მხოლოდ პირველი ნაწილია და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი ფაზა აშშ-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობით დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ ვითარების ესკალაცია მოხდება.
"მე ჩავედი კიევში და შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის 1-ლ თებერვალს. ის კიდევ ერთხელ ვნახე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და ტელეფონით ველაპარაკე გუშინ, პრეზიდენტ პუტინის სიტყვით გამოსვლიდან მალევე.
იმედი მაქვს, თემთა პალატა დამეთანხმება, რომ ეს სწორი იყო - დავუდასტურე მას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა.
ახლა დიდი ბრიტანეთი და ჩვენი პარტნიორები დავიწყებთ სანქციების დაწესებას როგორც კონკრეტული პირებისთვის, ისე რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ორგანიზაციებისთვის". - თქვა ბორის ჯონსონმა.