
ევროპის კავშირი რუსეთს სანქციებს უწესებს
22/02/2022 13:31:41 ევროპა
რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, გამოაცხადოს დამოუკიდებელ სუბიექტებად და შეიყვანოს ჯარი უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში, ევროპის კავშირი რუსეთის შესაბამის სუბიექტებს სანქციებს უწესებს.
როგორც ევროკომისიის და ევროპული საბჭოს თავმჯდომარეების – ურზულა ფონ დერ ლაიენის და შარლ მიშელის განცხადებაში ვკითხულობთ, რუსეთის ნაბიჯით ირღვევა საერთაშორისო სამართალი, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებები და მას მივყავართ კრიზისის შემდგომ გამწვავებასთან.
თავმჯდომარეები მიესალმებიან ევროკავშირის წევრების ურყევ ერთიანობას და მათ სურვილს, სწრაფად უპასუხონ რუსეთის უკანონო ქმედებას საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში.
22 თებერვალს გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრა, რომელსაც უხელმძღვანელებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა უზენაესი წარმომადგენელი. შეხვედრის შემდეგ მოხდება სანქციების პირველი პაკეტის ოფიციალური წარდგენა. მოგვიანებით, შესაბამისი უწყებები დაუყოვნებლივ დაამუშავებენ პაკეტს, რომელიც შეიცავს წინადადებებს:
- მიმართული იყოს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც დაკავშირებული იყო უკანონო გადაწყვეტილების მიღებასთან.
- სანქციები მიმართული იქნება ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის არმიას და სხვა ოპერაციებს უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე.
- სანქციების მეოხებით ევროკავშირის კაპიტალის და საფინანსო ბაზრებზე და მომსახურებაზე წვდომა შეეზღუდებათ რუსეთის სახელმწიფოს და მთავრობას.
- სანქციები ასევე შეეხება ვაჭრობას ორ სეპარატისტულ რეგიონთან.
ევროკავშირმა მოამზადა და მზად არის, მიმართოს დამატებით ზომებს მოგვიანებით, თუ საჭირო იქნა მოვლენათა შემდგომი განვითარების შესაბამისად.
ევროკავშირი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ერთიანია უკრაინის მიმართ სოლიდარული და ერთიანი მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში":
„ჩვენ მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ უკრაინას და მისი ხალხს“.