
"მოგესალმებით ახალ სამყაროში"– მედვედევი ევროპას გაზით დაემუქრა
22/02/2022 14:59:22 ევროპა
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედები აცხადებს, რომ "ჩრდილოეთის ნაკად 2"–ის შეჩერების შემდეგ, ევროპა 1000 კუბურ მეტრ გაზში 2000 ევროს გადაიხდის.
"რას ვიზამთ. მოგესალმებით ახალ სამყაროში, რომელშიც მალე ევროპელები 1000 კუბურ მეტრ გაზში 2000 ევროს გადაიხდიან", - წერს "ტვიტერზე" მედვედევი.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის "დამოუკიდებლობა" აღიარა. პასუხად გერმანიამ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" – ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.
11–მილიარდ დოლარიანი გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მაგრამ ის არ არის სერტიფიცირებული. ამუშავების შემთხვევაში გაზსადენი ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის ბუნებრივ აირს ევროკავშირის ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას უკრაინისთვის გვერდის ავლით.
„ჩდილოეთის ნაკადი 2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გაზსადენია, რომელიც 1,200 კილომეტრის სიგრძისაა და წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრის გაზის გადაქაჩვა შეუძლია რუსეთიდან გერმანიაში.