
აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაცია გააფორმეს
22/02/2022 18:10:12 კავკასია
აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაცია გააფორმეს.
როგორც მანამდე პუტინმა განაცხადა, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა იქნება ორმხრივი ურთიერთობის ახალი ეტაპი.
თავის მხრივ ალიევმა აღნიშნა, რომ დეკლარაციას ექნება დადებითი მნიშვნელობა რუსეთის და აზერბაიჯანისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის.
მისი თქმით, დოკუმენტი 40–ზე მეტ პუნქტს მოიცავს, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს სფეროებს.
„ერთობ სიმბოლურია, რომ თანამშრომლობის დეკლარაცია მოკავშირეობის შესახებ ხელმოწერილ იქნა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30-ე წელს.
ცხადია, ჩვენ განწყობილი ვართ მჭიდრო სამოკავშირეო თანამშრომლობაზე, მისი მომავალი ყოველმხრივი განვითარებისთვის, რომელიც ეფუძნება მეგობრობის, კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემის და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების მტკიცე ტრადიციას,“ – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მხარეებმა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარების პერსპექტივა განიხილეს.
დოკუმენტის ხელის მოწერის ცერემონიის დროს გამოსვლისას, ალიევი შეეხო მთიანი ყარაბაღის თემას და გამოაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია:
„იმედი გვაქვს, რომ სომხური მხარე მთლიანად შეასრულებს 2020 წლის 10 ნოემბრის დეკლარაციის ყველა პუნქტს, რომელიც ეხება ყარაბაღის ტერიტორიიდან სომხური ძალების მთლიანად გაყვანას, ასევე აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახჭევანს შორის კავშირის დამყარებას“.