
უკრაინული მხარე რუსული ტანკებისა და სატვირთო ავტომობილების განადგურების შესახებ იუწყება
24/02/2022 07:01:01 ევროპა
დონბასში, ქალაქ შანსიეში ორი რუსული ტანკი და რამდენიმე რუსული სატვირთო მანქანა გაანადგურეს,– იუწყება უკრაინული მხარე.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის ძალებმა 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
"გაერთიანებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. სამხედრო ნაწილები თავიანთ პოზიციებზე არიან. მტერი ზარალს იღებს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!”, – აცხადებენ სამინისტროში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის ორი სოფელი დაიკავეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს.
მათივე ცნობით, დნეპროპეტროვსკისა და ვინიცის ოლქებში სამხედრო საწყობებში ხანძარია. ხანძარია ასევე კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილში.
„ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის სოფლები გოროდიშჩე და მელოვოიე აიღეს,“- აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.
რუსეთი უარყოფს უკრაინული მხარის ინფორმაციას რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურების თაობაზე და ირწმუნება, რომ უკრაინელ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მწყობრიდან არის გამოსული უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
უკრაინის ინფორმაციით, შეტევა ხორციელდება მათ შორის ანექსირებული ყირიმიდან და ბელარუსის მხრიდან.