Accentnews.ge
ბიბილოვი: "პუტინმა ახსენა გარე ძალები,  გარე ძალებს კი საქართველოც განეკუთვნება»

ბიბილოვი: "პუტინმა ახსენა გარე ძალები, გარე ძალებს კი საქართველოც განეკუთვნება»

24/02/2022 10:47:31 კონფლიქტები

უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს "საჩვენებელი" გაფართოებული სხდომა გამართა, "პრეზიდენტმა" ანატოლი ბიბილოვმა კი "საქართველოს მხრიდან შესაძლო პროვოკაციებისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად" ე.წ. ოპერატიული შტაბის საგანგებო სხდომა" დანიშნა.

«რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა მკაფიოდ მონიშნა რუსეთის ფედერაციის პრიორიტეტები. რუსეთის ფედერაციის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეთა უსაფრთხოების ზრუნველსაყოფად მიღებულია გადაწყვეტილება სპეცოპერაციის ჩატარების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ვლადიმირ ვლადიმირის ძემ ისიც აღნიშნა, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა, ჩათრეულები აღმოჩნდნენ ამ პროცესებში, ანუ გარე ძალები. ჩვენ კი უნდა გვესმოდეს, რომ გარე ძალებს საქართველოც განეკუთვნება», – აღნიშნა მან.

ბიბილოვის თქმით, დე ფაქტო თავდაცვის უწყებამ დილით "საბრძოლო განგაში" გამოაცხადა, "თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდნენ და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრულ რაიონებში გადასასროლად".

"გავალებთ, მოახდინოთ სრული კოორდინაცია რუსულ სამხედრო ბაზასთან. ამოცანები, რომლებსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მივიღებთ, ჩვენს თავდაცვის სამინისტროზეც ვრცელდება. გავალებთ, იქონიოთ რუსეთის თავდაცვის უწყებასთან მუდმივი კავშირი საჭიროების შემთხვევაში ჩვენი შეიარაღებული ძალების განსაზღვრული მიმართულებით გამოყენებისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად" - მიმართა მან დე ფაქტო თავდაცვს მინისტრს.

ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანეს დე ფაქტო შს სამინისტროს ძალებიც. დე ფაქტო უშიშროებას კი "კონტრსადაზვერვო საქმიანობის მობილიზება" და რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან "სრულ კოორდინაციაში მოქმედების უზრუნველყოფა" დაევალა "საზღვრის მონიტორინგისა და საქართველოს ტერიტორიის მოსაზღვრე რეგიონების კონტროლის მიმართულებით».

ცნობისთვის: პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს ცხინვალის რეჟიმმა მაშინვე დაუჭირა მხარი, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტსა" და "რუსულ" ყირიმს კი ცხინვალი 2014 წლიდანვე აღიარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S