
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო: "რუსეთის თავდასხმას 57 უკრაინელი ემსხვერპლა, 169 დაშავდა"
24/02/2022 20:18:32 ევროპა
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რუსულ სამხედრო აგრესიას 57 უკრაინელი ემსხვერპლა, კიდევ 169 დაშავდა,– იუწყება უკრაინის ჯანდაცვს მინისტრი ვიქტორ ლიაშკო.
„სამედიცინო დაწესებულებებს კვლავ მოუწევთ პროფილის შეცვლა. პაციენტებს შევთავაზეთ, რომ მათ, ვისაც ამბულატორიულად მკურნალობა შეუძლიათ, დატოვონ სამედიცინო დაწესებულებები, რათა კლინიკები მზად იყვნენ, მიიღონ უკრაინელები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ. ეს გავაკეთეთ მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე“,– ამბობს მინისტრი.
მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ:
„ყველა თავის სამუშაო ადგილზეა. ვმუშაობთ ფარმაცეფტულ კომპანიებთან, დისტრიბუტორებთან – ყველა ჩვენი ქვეყნის დასაცავად დგას. კოორდინაციაში ვართ, ვეხმარებით ერთმანეთს, რათა ყველამ მიიღოს საჭირო დახმარება“, - შეაჯამა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებები 24–საათიან რეჟიმში მუშაობენ. მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.