
სამხედრო ექსპერტი: „ქალაქში ბრძოლა და გახანგრძლივებული ომი კოშმარია ნებისმიერი თავდამსხმელისთვის“
25/02/2022 18:47:10 კომენტარი
რუსეთში მოღვაწე სამხედრო ექსპერტი ალექსანდ გოლცი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სამხედრო მოცემულობის თვალსაზრისით აანალიზებს და ამბობს, რომ მთავარი, რაც ამ შემთხვევაში უკრაინულ არმიასთან შედარებით ითქვას, უკრაინის თავდაცვა არ ჩამოიშალა, კონტროლი შენარჩუნდა მიუხედავად იმისა, რომ მათზე გაცილებით ძლევამოსილ მოწინააღმდეგესთან უწევს ბრძოლა.
„თუ შევადარებთ ერაყის წინააღმდეგ ამერიკულ ოპერაციებს, ამერიკელებს მოკლე დროში გამოსდიოდათ საჰაერო დარტყმებით გაენადგურებინათ სამხედროების მიერ კონტროლირებადი სისტემები. დღეს შეგვიძლია, ბევრი ვილაპარაკოთ, თუ რაოდენ „წარმატებული“ იყო საჰაერო დარტყმები [რუსეთის], მაგრამ ნათელია, რომ ერაყისგან განსხვავებით, უკრაინის თავდაცვა არ ჩამოშალა, მათ შეძლეს კონტროლის შენარჩუნება“,– ამბობს ექსპერტი.
რაც შეეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ის ყურადღებას ამახვილებს, რომ უკრაინის ჩრდილოეთიდან რუს საზოგადოებას „გამარჯვების შესახებ ცნობები“ არ მიუღია და ასკვნის, რომ იქ „არც ისე ბრწყინვალედაა საქმე“:
„უცნაურია, რომ ყველაზე მოკრძალებული წარმატებებია წარმოჩენილი. არ დაგვავიწყდეს, რომ მთელი ეს ისტორია მოგონილია იმისთვის, რომ „უშველონ“ თუ „გაათავისუფლონ“ დონეცკი და ლუგანსკი. ამ მიმართულებებით კი ამ წინ მხოლოდ 10 კილომეტრით წაიწიეს. თან ჩართულია ავიაცია, არტილერია, მაგრამ ძალიან ნელა მოძრაობენ“.
ამასთან ის რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც რუსი სამხედროებისთვის პრობლემებს შექმნის:
- „ნებისმიერი თანამედროვე მეთაურისთვის ერთ–ერთი კოშმარია ქალაქში ბრძოლა. ჩვენ გვახსოვს გროზნოზე შეტევა, დამწვარი ტანკები და ა.შ. ამერიკელები, ვიდრე ბაღდადს აიღებდნენ, კარგად შეისწავლეს რუსების გამოცდილება გროზნოში, რადგან სხვა მსგავსი არაა. ამიტომ, გონივრულია, ქალაქებს გვერდი აუარო. მაგრამ, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ოპერაციის მიზანი „რეჟიმის“ ცვლილებაა. მსგავს შემთხვევაში კი ქალაქში შესვლას გვერდს ვერ აუვლიან;
- მეორე – მსგავსი ოპერაციისთვის ტემპი ძალიან მნიშვნელოვანია: ან ბლიცკრიგი და ან გახანგრძლივებული ომი, რაც კიდევ ერთ კოშმარია შემტევი მხარისთვის.
- მესამე – თუ არ არსებობს კონკრეტული სამხედრო მიზანი და ის მხოლოდ პოლიტიკურია – „რეჟიმის“ ცვლილება და ა.შ., სამხედროებისთვის გაუგებარია, რა გააკეთონ და უკვე სახეზე გვაქვს მოვლენათა მსგავსი განვითარება.
აშკარად კიევის ალყაში მოქცევას ცდილობენ. კეთილი, ალყაში მოაქციეს ჩერნიგოვი, ხარკოვი, კიევი და შემდეგ? ლენინგრადის ბლოკადას გაიმეორებენ? გაურკვეველი სამხედრო მიზანია და ეს დამახასიათებელია მსგავსი ოპერაციებისთვის“.
ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ბრიტანული მხარის მონაცემებზე, რომ 450 რუსი სამხედროა დაღუპული და ფიქრობს, რომ სერიოზული დანაკარგია.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსული სამხედრო შენაერთები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან.
უწყების განცხადებით, კიევის ჩრდილოეთით რუსულ და უკრაინულ ჯარებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს:
"რუსული ძალების თავდასხმა ჩერნიგოვის მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა“.
პენტაგონი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, უკრაინაში ფართოდ შეიჭრას, თუმცა, უკრაინული ძალების მხრიდან უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება, ვიდრე პუტინი და მისი სამხედროები ელოდნენ.
"უკრაინელების მხრიდან წინააღმდეგობა იმაზე დიდია, ვიდრე რუსეთი ელოდა. უკრაინელებმა თქვეს, რომ ისინი იბრძოლებდნენ თავისი ქვეყნისთვის და ასეც იქცევიან". - თქვა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.
მისივე განცხადებით, უკრაინელების წინააღმდეგობამ შეანელა რუსეთის წინსვლა კიევში:
"მთლიანობაში, რუსებმა დაკარგეს მომენტუმი. ისინი ვერ მიიწევენ წინ ისე სწრაფად, როგორც ეგონათ, რომ წაიწევდნენ. ამის კარგი ინდიკატორი ის არის, რომ რუსეთს არ აუღია ის ადგილები, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს".
თუმცა, პენტაგონის მაღალჩინოსანი ასევე ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს, ჯარისკაცების რიცხვის გაზრდას - მარიუპოლთან ახლოს, აზოვის ზღვაში, მათ ათასობით საზღვარო ჯარისკაცი განალაგეს.
აშშ ასევე აცხადებს, რომ რუსეთმა საზღვართან განლაგებული ჯარების 1/3 უკრაინაში შეიყვანა, თუმცა, რუსეთის ავიაციას არ მიუღწევია უპირატესობისთვის: უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები მეტ-ნაკლებად ეფექტურია და რუსეთის ავიაციას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.