
ზელენსკიმ ალიევთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა ნავთობ–პროდუქტებს მიიღებს
26/02/2022 17:41:13 კავკასია, ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა ნავთობ–პროდუქტებს მიიღებს.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა თურქეთის ლიდერს უკრაინის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ისიც, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მას ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების ორგანიზება შესთავაზეს, რასაც მიესალმება.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ვესაუბრე, რადგან ჩვენს ქვეყანას არ ყოფნის ნავთობ–პროდუქტები. ყველაფერი იქნება. ალიევმა და ერდოღანმა ასევე შემომთავაზეს რუსეთთან მოლაპარაკებების ორგანიზება. ამას მხოლოდ მივესალმები“,– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეო–მიმართვისას.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა BBC-ს დაუდასტურა, რომ უკრაინის ხანძარსაწინააღმდეგო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს კონფლიქტის განმავლობაში საწვავს უფასოდ მიაწვდის.
მათივე ინფორმაციით, ეს ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყდა. ამასთან, ალიევმა ასევე პირობა დადო, რომ უკრაინას მიეწოდება მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა მესამე დღეა რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს, რომელიც ხორციელდება ზღვიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდან.