
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში სამხედროს დაღუპვა პირველად აღიარა: დაღუპული დაღესტნელი მაღალჩინოსნის ვაჟი აღმოჩნდა
26/02/2022 22:48:00 კავკასია
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში სამხედროს დაღუპვა საჯაროდ პირველად აღიარა. დაღესტნის ხელმძღვანელმა სერგეი მელიქოვმა ოფიცერ ნურმაგომედ ჰაჯიმაგომედოვის დაღუპვის შესახებ განაცხადა, რომელიც საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფში მსახურობდა.
"ჩვენი თანამოქალაქე დონბასის დაცვის საპატიო მისიის ღირსეულად შესრულებას შეეწირა", — დაწერა დღეს მელიქოვმა "ინსტაგრამში" და მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.
ირკვევა, რომ დაღუპული დაღესტნის შს მინისტრის მოადგილის - ენგელს ჰაჯიმაგომედოვის ვაჟი გახლდათ, უფროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდებით. გამოცემა "Агентство"-ს ინფორმაციით, იგი კავკასიის კაზაკთა პოლკის 247-ე სადესანტო-შემტევ ქვედანაყოფში მსახურობდა.
ჰაჯიმაგომედოვის დაღუპვის ადგილი გასაიდუმლოებულია. სოცქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან გარშემომყოფ უკრაინელ სამხედროებთან ერთად თავი აიფეთქა.
ცნობისთვის: რუსეთის თავდაცვის უწყება უკრაინაში შეჭრის დროს სამხედროების გარდაცვალების ფაქტების არსებობას არ აღიარებს. იგი მსგავს ფაქტებს მუდივად უარყოფდა, დაწყებული 2014 წლიდან - დონბასის კონფლიქტიდან, რომელშიც რუსი სამხედროების მონაწილეობასაც არ აღიარებდა. ვითარება არც ახლა - რუსული ჯარის ოფიციალური შეყვანის შემდეგ შეცვლილა. თავის მხრივ, უკრაინული მხარე 3000-ზე მეტი რუსი სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება.
იხილეთ ასევე: "არ მესმის, ეს რატომ ხდება! ოლიგარქები რატომ არ მიდიან?!" – რუს სამხედროებს მშობლები ეძებენ