
რუსებმა უკრაინაში აკრძალული იარაღი გამოიყენეს
28/02/2022 14:55:51 ევროპა
რუსებმა უკრაინაში, სუმის რეგიონის ქალაქ ოხტირკაში ჟენევის კონვენციით აკრძალული ვაკუუმური ბომბები ჩამოაგდეს,– იუწყება ოხტირკის მერი პავლო კუზმენკოვი.
"მტერი აწარმოებს საზიზღარ ომს. ვაკუუმური ბომბი კვლავ ჩამოაგდეს ოხტირკაში, ააფეთქეს ნავთობის ავზები", - წერს ის Facebook-ზე.
ე.წ. ვაკუუმის ბომბების გამშვები რუსული რეაქტიული სისტემები TOS-1 და TOS-1A CNN-ის გადამღებმა ჯგუფმა ბელგოროდის სამხრეთით (რუსეთი, უკრაინის საზღვართან) აღმოაჩინა და იუწყებოდა ამის შესახებ.
ამ სისტემებში გამოიყენება თერმობარული ქობინები მაღალტემპერატურული ასაფეთქებლებით – იგივე "ვაკუუმური ბომბები", რომლებიც გარემოდან ჟანგბადს იწოვს, იწვევს მასიურ აფეთქებას, მაღალი წნევის მძლავრ ტალღას მასშტაბური დამანგრეველი ეფექტით.
თავის დროზე რუსებმა თერმობარული იარაღი ჩეჩნეთში გამოიყენეს, რასაც საშინელი შედეგები მოჰყვა.