
ცნობილი გახდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისას დაღუპული ინგუშების ვინაობები
01/03/2022 10:43:35 კავკასია
არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისას დაღუპული ინგუშების ვინაობები.
გამოცემა "Фортанга"-ს ტელეგრამ-არხის ინფორმაციით, 10 ადამიანი დაიღუპა, 12 დაიჭრა. Кавказ.Реалии-ს ეს ინფორმაცია ერთ-ერთი დაჭრილის ნათესავმა დაუდასტურა. მისი თქმით, სამხედროებს "გრადიდან" ღამით გაუხსნეს ცეცხლი.
"ბიჭებს ეძინათ, როცა დაიწყო დაახლოებით ერთწუთიანი დაცხრილვა "გრადიდან". მერე ყველაფერი მიწყნარდა, მაგრამ ბევრი დაიჭრა, ტექნიკაც განადგურდა. დაჭრილები და დაღუპულები "УРАЛ"-ებში განათავსეს და 7 საათის განმავლობაში გამოჰყავდათ. ძალიან მძიმე გზა იყო, გზად კიდევ ორმა დალია სული", – აღნიშნა მან.
დაღუპულები და დაჭრილები ინგუშეთის სხვადასხვა რაიონების მაცხოვრებლები იყვნენ: მალგობეკის, ნაზრანის, გალაშკის და სხვების. მათი ნაწილი როსგვარდიის ნაზრანის პოლკში მსახურობდა.
მანამდე ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა უკრაინაში შეჭრისას ორი "კადიროველის" დაღუპვის შესახებ განაცხადა. თუმცა რეალურად, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულიც და დაჭრილიც გაცილებით მეტია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მონაცემებს არ ამხელს. ამ დრომდე მას მხოლოდ ერთი მეომრის დაღუპვა აქვს აღიარებული.