Accentnews.ge
Bellingcat: „3–4 დღეა, ცნობებს ვიღებთ, რომ არა მხოლოდ კრემლის ახლო გარემოცვა, მთელი პოლიტიკური ელიტა შეშინებულია პუტინის ქცევით“

Bellingcat: „3–4 დღეა, ცნობებს ვიღებთ, რომ არა მხოლოდ კრემლის ახლო გარემოცვა, მთელი პოლიტიკური ელიტა შეშინებულია პუტინის ქცევით“

01/03/2022 15:52:45 კომენტარი

გამოცემა Bellingcat–ის ხელმძღვანელი ხრისტა გროზევი, რომლის ჯგუფიც ამ დროისთვის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სწავლობს, ამბობს, რომ უკვე სახეზეა რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულის ფაქტები. საქმე იმაშია, რომ ომის დანაშაულის ბრალდება მყარ მტკიცებულებებს მოითხოვს და გროზევი ამბობს, რომ მისი გუნდის მთელი რესურსი სწორედ ამ ფაქტების დაარქივებაზეა ფოკუსირებული.

რაც შეეხება ომის დანაშაულის უკვე სახეზე არსებულ მტკიცებულებებს, ის რამდენიმე ფაქტს ასახელებს:

  • 28 თებერვალს ხარკოვში კასეტური ბომბების გამოყენება ვიხილეთ. ეს ნამდვილად ომის დანაშაულია;
  • ის გარემოება, რომ არ აქვს არანაირი ლოჯისტიკური ახსნა, რატომ იბომბება საცხოვრებელი სახლები, რომელთა ნაწილიც ახლოსაც არაა განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურასთან, ომის დანაშაულია;
  • არსებობს მტკიცებულებები, როგორ გაუხსნეს ცეცხლი დევნილებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საავადმყოფოებს – ეს ომის დანაშაულია.

„მივიღეთ ინფორმაცია ვაკუუმის ბომბების გამოყენების შესახებ. ჯერ ამის დადასტურება არ შემიძლია და იმედი გვაქვს, ორიგინალ კადრებს მოვიპოვებთ. და თუ მართლა გამოიყენეს, ეს იმდენად ბინძური, იმდენად დიდი დანაშაულია, ტერორიზმს უთანაბრდება.

კასეტური ბომბების გარდა, სხვა აკრძალული იარაღის გამოყენება არ დაგვიფიქსირებია, მაგრამ თავად ის ფაქტი, როგორ გამოიყენება იარაღი, თუ როგორ იბომბება საცხოვრებელი სახლები, რაც ვერ ჩაითვლება შეცდომად, ეს ომის დანაშაულის მტკიცებულება“,– ამბობს მკვლევარი

მისი თქმით, ომის დანაშაულის გამოძიება მხოლოდ ჰააგას პრეროგატივა არაა, იგივე შეუძლია გააკეთონ იმ სახელმწიფოებმა, რომელთაც უნივერსალური იურისდიქცია აქვთ და აიღებენ პასუხისმგებლობას ძიების წარმოებაზე:

„ევროპული ქვეყნებიდან, რომელთაც აქვთ მსგავსი იურისდიქცია, ვხედავთ სურვილს, გამოიძიონ ომის დანაშაული. მსგავსი ქვეყანაა მაგალითად, გერმანია, ნიდერლანდები და ა.შ.“

მისი თქმით, ჯგუფი იმ პირობებში, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დანაკარგებზე არ საუბრობს, ჯგუფი ცდილობს, დაადგინოს დაღუპულთა და განადგურებული ტექნიკის რაოდენობა:

„ვიყენებთ თანამგზავრის ფოტოებს, ვამუშავებთ ტექნიკას [განადგურებულს], ვითვლით, რამდენი ადამიანი შესაძლოა, ყოფილიყო ამ ტექნიკაში, რა ცნობები მიდის ბელარუსსა და რუსეთში დანაკარგების შესახებ“.

ტანკებით შევლენ კიევში?

რაც შეეხება უკრაინის დედაქალაქთან რამდენიმე კილომეტრში მობილიზებულ რუსულ მრავალკილომეტრიან კოლონას, მკვლევარი ვარაუდობს, რომ მიზეზი ან ლოჯისტიკური პრობლემებია ან ქალაქის ბლოკადისთვის ემზადებიან, თუმცა სტრატეგია ჯერ გამოკვეთილი არაა:

„ამ ტექნიკით კიევში შესვლა რუსული არმიისთვის დიდი დანაკარგის რეცეპტია. სწორედ ეს ვნახეთ გროზნოში: ტექნიკა მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, სადაც მრავალსართულიანი შენობებია, „კონსერვია“ სამხედრო ძალისთვის – ადამიანები ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“, სახლებიდანვე ისვრიან იარაღიდან, იარაღი კი კიევში ბევრია. ამ პირობებში მანევრირება შეუძლებელია: ყოველი მწყობრიდან გამოსული ტანკი, ბარიერია შემდეგისთვის. ეს იქნება ტანკების საცობი ქალაქში, რომელიც მათ შედეგს არ მოუტანს და იქნება ძალიან დიდი მსხვერპლი“.

"28 თებერვალს ბელარუსი პილოტები მონაწილეობდნენ დაბომბვაში"

მკვლევარი მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბელარუსი პილოტები უკრაინაში 28 თებერვალს განხორციელებულ დაბომბვებში იყვნენ ჩართულნი:

„დანამდვილებით ვიცით, რომ გეგმაში იყო ბლიცკრიგი – დღე–ღამეში უნდა აეღოთ კიევი, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ტექნიკის ნაწილი წინა ხაზზე დარჩა და კიდევ ემატება , რომელთა ნაწილი ბელარუსიდან მოდის – ბელარუსის ტექნიკაა. ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, ბელარუსი ქვეითების შესახებ, მაგრამ გუშინდელ პროცესებში ჩართულნი იყვნენ ბელარუსი პილოტები და ოპერატორები. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ბელარუსი იყოს ჩართული ომში, რადგან ლუკაშენკოს არ ჰქონდეს უკან დახევის შესაძლებლობა: როდესაც ომის დანაშაული დამტკიცდება, პასუხისმგებლობას და სანქციებს ისიც გაიზიარებს და ლუკაშენკოს არ ექნება უკან დასახევი გზა – ეს ყოველთვის იყო ბელარუსის მიმართ კრემლის სტრატეგია“.

„ოლიგარქიული და მთელი პოლიტიკური ელიტა შეშინებულია“

მკვლევარი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 28 თებერვლამდე, ვიდრე რუსული ძალა ხარკოვის მასობრივ დაბომბვას დაიწყებდა, რჩებოდა იმედი, რომ კრემლი, ომის გასამართლებლად, მათ შორის საკუთარი ხალხის წინაშე, დიდ მსხვერპლს თავს აარიდებდა, თუმცა ხარკოვის მოვლენებმა მოლოდინი შეცვალა და შიშობს, რომ იგივე მიდგომა შესაძლოა, კიევშიც გამოიყენონ:

„როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, თავი აღარ იმართლონ, აღარ ადარდებთ რეპუტაციული ზიანი. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე საშიში მომენტი წინ გვაქვს, როდესაც რუსეთის ხელისუფლებისთვის სულერთი იქნება, თავად როგორ გამოიყურება, რამხელა იქნება მსხვერპლი. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ თავად არმიის შიგნით იქნება ხალხი, რომლებიც ამ ბრძანებებს არ შეასრულებენ და სხვათა შორის, ეს სავსებით შესაძლებელია: ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაციას ვიღებთ შიგნიდან – ეფესბე–დან, შეიარაღებული ძალებიდან, რომ ეს არმიის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და რომ ისინი, ვინც გასცემენ და იღებენ ბრძანებებს, პასუხისმგებლობას იზიარებენ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად. ეს სიმპტომია, რომ მათ შიგნით ყველაფერი წესრიგში არ აქვთ. ამიტომ ვიმედოვნებ და ეს არ არის უსაფუძვლო იმედი. მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ეს შესაძლოა, ვიღაცამ შიგნიდან გააჩეროს“.

როგორც მკვლევარი ამბობს, მისი გუნდი ჯერ კიდევ დეკემბერში იღებდა კრემლიდან ინფორმაციებს, „პუტინი ტრაბახობს, რომ მზადაა, თავს დაესხას უკრაინას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, რათა დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ არაფრის ეშინიაო“:

„ელიტა ჯერ კიდევ დეკემბერში იყო შეშინებული. ბოლო 3–4 დღის განმავლობაში კი ვიღებთ ინფორმაციას, რომ არა მხოლოდ უშუალოდ კრემლის უახლოესი გარემოცვა, მთელი პოლიტიკური ელიტა შეშინებულია მისი ქცევით, ამ მომენტისთვის მას არაადეკვატურ ლიდერად თვლიან. არ ვლაპარაკობ ოლიგარქიულ ელიტაზე, რომლებიც შეშინებულნი არიან და მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, რომ ძალაუფლებას ჩამოაშორონ [პუტინი]. ახლა საკითხი ასე დგას – ვინ აიღებს თავზე დიდი რისკს და დაიწყებს მოქმედებას ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ ის ფაქტი, რომ თავად შიდა ელიტაში არსებობს რეალური შიშები იმის შესახებ, რომ პუტინი მზადაა, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე წავიდეს, რაც ნიშნავს თანამედროვე რუსეთის დასასრულს, რეალობაა“.

„რუსული ძალა წინა დღეს გაცემული ინსტრუქციით მოქმედებს, უკრაინული – დინამიურად“

მკვლევარი ფიქრობს, რომ კიევთან მობილიზებული კოლონების წინააღმდეგ უკრაინელებს ორი შესაძლებლობა აქვს: მას შემდეგ, რაც რუსული ტექნიკა კიევს მიუახლოვდება, აქტიურად გამოიყენოს თურქული უპილოტო საფრენი აპარატები და ის მიდგომა, „რასაც აქამდე ხარისხიანად ასრულებდა, რამაც ჯამში რუსული ძალის შენელება და პირველი ორი დღის განმავლობაში რუსულ ძალებში დიდი მსხვერპლი განაპირობა: მოწინააღმდეგეს მისცეს შესაძლებლობა, შევიდეს სიღრმეში და შემდეგ უკნიდან განახორციელოს დარტყმა:

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალის დანაკარგი თითქმის სამჯერ ჩამორჩება მოწინააღმდეგე მხარეს არსებულ მსხვერპლს და ეს ერთ–ერთი ძლიერი ინდიკატორია ეფექტურობის შესაფასებლად. თავდაპირველად, სტრატეგია შესაძლოა, სრულფასოვნად არ იყო შედგენილი – პირველ დღეს, მომეჩვენა, რომ გოსტომელეს აეროპორტი ძალიან მალე დათმეს, მაგრამ რამდენიმე საათში სტარტეგია შეიცვალა, დინამიურად ცვლიან სტრატეგიას. არიან ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს ახალი მონაცემების საფუძველზე იღებენ. ეს არის ის, რაც აღწერს ხარისხიან თანამედროვე ტაქტიკას და ამას ვხედავთ უკრაინულ მხარეს“.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, მკვლევარი ამბობს, რომ სახეზეა „კონვერტით გაცემული ინსტრუქციები, რომლებიც წინა დღეს არის მიღებული და არ არის მორგებული საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობას:

„ჩემს წყაროს ვციტირებ: „რა მდგომარეობაშია რუსული ეკონომიკა და ვინ იფიქრა, რომ სხვაგვარად იქნებოდა არმიაში საქმეო?“ მათ წარმოადგინეს გეგმა, რომელიც ქაღალდზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ საწყის ეტაპზევე გამოჩნდა, რომ არ მუშაობს კომუნიკაციის სისტემაც კი: ის, რომ არ შეიძლება ჯიპიეს–ის გამოყენება, რადგან შესაძლოა, მათი გამოვლენა მოხდეს, საწყის ეტაპზე გათვლილი არ იყო. ამიტომ ვხედავთ განადგურებულ ტექნიკას და უმისამართოთ მოძრავ ბრონირებულ ტექნიკას. მასშტაბურობის მიზეზიც ისაა, რომ ვერავინ შეძლო, გეგმის რეალურ დროსთან ადაპტირება მოეხდინა. ყველაფერი მანამდეა დაწერილი, ვიდრე აღმოაჩენდნენ, როგორ მოქმედებს უკრაინული არმია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S