
„ჩეჩნებს და რუსებს უნდა გავაგებინოთ, რომ ბელარუსის მორგები სავსეა მათი ჯარისკაცების ცხედრებით“
02/03/2022 11:55:33 კავკასია
ბელარუსი დიდი რაოდენობით იღებს ჩეჩენი მებრძოლების ცხედრებს, ქალაქ მაზირის ყველა მორგი სავსეა რუსი სამხედროების გვამებით, – იუწყება ბელარუსის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის სვეტლანა ტიხონოვსკაიას პრეს–მდივნი ანა კრასულინა.
„ვიცით, რომ მათ დაავალეს ცხედრების გრძელვადიანად შენახვა. მათ აშინებთ ჩეჩნეთში „ტვირთი–200“–ის გაგზავნა. ჩეჩნებსაც და რუსებსაც უნდა ვაცნობოთ, რომ ბელარუსის სამხრეთ ნაწილში მორგები სავსეა მათი ჯარისკაცების ცხედრებით. ეს მნიშვნელოვანია. დაე, მათ იცოდნენ. რუსულ პროპაგანდას ამის დამალვის უფლებას არ მივცემთ“,– განაცხადა კრასულინამ.
როგორც მან უკრაინული არხის „რადას“ ეთერში აღნიშნა, ლუკაშენკო უკრაინის წინააღმდეგ რუსულ სამხედრო აგრესიაში ბელარუსი სამხედროების ჩართვას გეგმავდა:
„ჩვენი ინფორმაციით, არმიის შეყვანას აპირებენ, მაგრამ ჩვენი სამხედროები ომისთვის მოტივირებულნი არ არიან, რადგამ ბელარუსებისთვის ომი პრობლემის გადაჭრის გზა არაა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს ФСБ–ს რაზმები, მაგრამ ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, უკრაინის მხარეს გადავიდნენ“.
მანამდე ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა რესპუბლიკიდან მხოლოდ ორი ჯარისკაცის დაიღუპვა დაადასტურა.
დანაკარგების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კვლავ არ საუბრობს.