
„გამოიყენეს“: კემეროვოს გუბერნატორს რუსი დედების შეტევის შემდეგ სიტყვა „გაექცა“
06/03/2022 15:37:07 ევროპა
კემეროვოს ოლქის გუბერნატორი სერგეი ცივილევი რუსი ჯარისკაცების დედებს შეხვდა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ სასაუბროდ, რომელსაც რუსეთში „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებენ.
რუსმა დედებმა მას კითხვები დაუსვეს, თუ რატომ გაგზავნეს მათი შვილები უკრაინაში და რატომ იყენებს მათ შვილებს „საზარბაზნე ხორცებად“. შეხვედრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"რატომ გაგზავნეს იქ ჩვენი ბიჭები?! ისინი არ იყვნენ მომზადებულები, 20 წლისანი არიან. აი, აქ სხედან იმ ახალგაზრდების დედები. შენი შვილი სად არის? ინსტიტუტში სწავლობს?!"– ისმის ქალის ხმა.
თავად გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ მათი შვილები არავის მოუტყუებია და რომ იცოდნენ, რისთვის მიდიოდნენ უკრაინაში. საუბრისას მას „სიტყვა გაექცა“ და ისიც თქვა, რომ რუსი სამხედროები „გამოიყენეს“, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია, უბრალოდ თქვა, რომ ყველაფრის დასრულებამდე კრიტიკა არ ეიძლება.
"დასრულდება, როდესაც ყველანი დაიღუპებიან",– ამბობს შეშფოთებული დედა.
მე-11 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს: ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, არამედ საცხოვრებელ ობიექტებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – ბავშვები.