
Европейская правда: "საქართველოს მთავრობამ უკრაინა რუსეთში ექსპორტის შესახებ მოატყუა"
06/03/2022 16:01:57 ევროპა
უკრაინული გამოცემის Европейская правда-ს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ უკრაინის საელჩო რუსეთთან ექსპორტზე მოლაპარაკებების შესახებ მოატყუა: უკრაინელ დიპლომატებთან და რუსეთთან საუბრისას საქართველოს მთავრობამ დიამეტრალურად საპირისპირო განცხადებები გააკეთა
5 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, 15 ქართულ კომპანიას უფლებას მისცემს, რუსეთის ბაზარზე რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს. Европейская правда-ს ცნობით, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი დიპლომატები დაუკავშირდნენ და ქართულმა მხარემ უკრაინა დაარწმუნა, რომ ეს ინფორმაცია "რუსული ფეიკია".
გამოცემას უკრაინის საელჩომ უთხრა, რომ მათ მიიღეს გარანტიები საქართველოს მთავრობისგან, რომ ისინი არა მხოლოდ მოლაპარაკებებს არ აწარმოებდნენ რუსეთის ფედერაციასთან, არამედ არც იყვნენ დაინტერესებულები რუსეთის ბაზარზე შესვლით.
"ქართულ მხარეს რძის და რძის პროდუქტების დეფიციტი თავის ბაზარზეც აქვს, შესაბამისად ამ პროდუქციის რუსეთის ფედერაციაში გატანას არ გეგმავს და არც აპირებს". - უთხრეს, გამოცემის ცნობით, ქართველებმა უკრაინულ მხარეს.
თუმცა, უკვე დღეს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, რუსეთში ექსპორტის შესახებ მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა:
"2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში".