
უკრაინა თინა კანდელაკზე საერთაშორისო ძებნას აცხადებს
06/03/2022 19:32:48 ევროპა
უკრაინის გენერალური პროკურატურა რუსეთში მცხოვრებ წარმოშობით ქართველ ჟურნალისტს თინა კანდელაკს საერთაშორისო ძებნაში გადასცემს,– იუწყება უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა.
"როგორც გენერალური პროკურორი, გატყობინებთ, რომ უკრაინაში თქვენი საპროცესო სტატუსი ასეთია – ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენაში. უახლოეს დღეებში უკრაინელი პროკურორები თქვენს საერთაშორისო ძებნაში გადაცემის პროცესს დააინიცირებენ". - მიმართავს ვენედიქტოვა კანდელაკს.
როგორც ვენედიქტოვა წერს, მას შემდეგ, რაც თინა კანდელაკმა გამოთქვა აზრი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა უნდა დატოვოს, ხოლო მისი ადგილი ვიქტორ იანუკოვიჩმა უნდა დაიკავოს, უკრაინის პროკურატურამ კანდელაკის Telegram-ის პირადი არხი შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ კანდელაკი კრემლის იდეებისა და ლოზუნგების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია:
"თქვენ ხართ კრემლის სამხედრო მანქანის იდეებისა და ლოზუნგების ერთ-ერთი საკვანძო გამავრცელებელი".
წაყენებული ბრალდება ისეთი ქმედებების დაფინანსებას მოიაზრებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივად შეცვლა ან დამხობა, სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, უკრაინის ტერიტორიული ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლაა.
"როდესაც სხვა სახელმწიფოების საზღვრების გადაკვეთას შეეცდებით, შესაბამისი ორგანოები უკრაინაში ექსტრადაციის მიზნით დაგაკავებენ". - ამბობს ვენედიქტოვა.
იხილეთ ასევე: უკრაინის სასამართლომ რუსი რეჟისორის მიხალკოვის დაკავების ორდერი გასცა