
ამერიკელი გენერალი: „უკრაინას სჭირდება ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღი და არა მიგ-29“
10/03/2022 07:19:39 ევროპა, მსოფლიო
აშშ–ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ტოდ უოლტერსი თვლის, რომ უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერის ყველაზე ეფექტური გზა არის დამატებითი ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღი და არა Mig-29,– იუწყება CNN.
მისი თქმით, უკრაინელები „კარგად იყენებენ ამ იარაღს“, რაც ზღუდავს რუსული სამხედრო თვითმფრინავების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას.
როგორც გენერალმა აღნიშნა, უკრაინას უკვე ჰყავს „ბევრი“ თვითმფრინავი, რომელიც ყოველდღიურად დაფრინავს და რომ დამატებითი თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო ძალებს შედარებით უპირატესობას არ მისცემს:
„ამიტომ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მთლიანი სარგებლის ზრდა დაბალი იქნება“.
მისივე თქმით, MiG-29-ის ნებისმიერი გადაცემა კონფლიქტის გამწვავების რისკს ქმნის.
უკრაინა დაჟინებით ითხოვს ნატოსგან, ჩაკეტოს მისი ცა, რაზეც დასავლეთი უარს აცხადებს, რადგან შიშობს, რომ ამ შემთხვევაში მას კონფლიქტში ჩართვა მოუწევს.
ვინაიდან ამ ნაბიჯის გადადგმაზე დასავლეთი უარს ამბობს, ითხოვს, მას გადასცენ MiG-29 ტიპის ავიაგამანადგურებლებიი, რომელთა მართვაზეც უკრაინელი პილოტები უკვე გაწვრთნილები არიან. პოლონეთმა მზაობა გამოთქვა, გადაეცა უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავები ჯერ აშშ–ის ჩართულობით, რაზეც აშშ–მა უარი განაცხადა, შემდეგ კი ნატო–ს ეგიდით.
"აშშ არ უჭერს მხარს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, პოლონეთის იდეა ძალიან სარისკოა", – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, "აშშ–ის თავდაცვის მდივანმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრს განუცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს MiG-29-ების გადაცემას ამ ეტაპზე".
შეგახსენებთ, რომ მე–15 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. დაფიქსირდა აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტებიც.
მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა, ხოლო ბევრმა საერთაშორისო ბრენდულმა კომპანიამ ინდივიდუალურად მიიღო რუსეთთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება.